ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პრივატიზაციის საკითხი არ განიხილება.

როგორც მან გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა, აეროპორტის სახელმწიფოს საკუთრებაში ფლობა მიმზიდველი ფასების არსებობის საშუალებას იძლევა.

“ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტის პრივატიზება არ განიხილება. ოპტიმალური მოდელია, რომ სახელმწიფო ფლობს და მართავს და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ იქ იყოს შედარებით მიმზიდველი პირობები და შედარებით მიმზიდველი, დემოკრატიული ფასები.

რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, ახალი ტერმინალი იგეგმება და რა ციფრებიც მოვისმინეთ, იგივე Wizz Air-თან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ, რადგანაც მართლა ძალიან დიდ ბრუნვებზე და ნაკადებზე გადის ეს აეროპორტი. ეს არის შესაძლებლობა, მარტივი წვდომის მესტიაზე, ბათუმზე და ჩვენ საკმაოდ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ქუთაისის გაფართოების პროექტის სწრაფ განხორციელებას”, – განაცხადა თურნავამ “საქმიანი დილის” ეთერში.