ქართული სატვირთო ავიაკომპანია GEO SKY COVID-19-ის ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის მზადაა. ავიაკომპანიას საქართველოში ვაქცინის ჩამოტანის გარდა, მისი ქვეყნის მასშტაბით მიწოდების საშუალებაც გააჩნია.
“როდესაც ვაქცინის ჩამოტანის მზაობა იქნება, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზადყოფნას მისი ტრანსპორტირებისთვის. რაც შეეხება მზადებას და თავად პროცესს, თუ როგორ შეიძლება ვაქცინის ჩამოტანა. როგორც ყველა სატვირთო ავიაკომპანიას და სატვირთო საჰაერო ხომალდს, ჩვენს საჰაერო ხომალდებსაც აქვთ თერმორეგულირების უნარი. სატვირთო განყოფილებაში მთელი ფრენის განმავლობაში შეგვიძლია +2 გრადუსის შენარჩუნება. იქედან გამომდინარე, რომ COVID-19-ის ვაქცინა გადაზიდვისთვის და შენახვისთვის მოითხოვს დაბალ ტემპერატურას, თავად ვაქცინის მწარმოებლები და საერთაშორისო ტრანსპორტის ასოციაცია მუშაობენ გადაზიდვის პროცედურებზე და წესებზე”, განაცხადა GEO SKY-ს გენერალურმა დირექტორმა შალვა კიკნაძემ საქმიანი დილის რუბრიკაში “საუბრები ავიაციაზე”.
როგორც შალვა კიკნაძე განმარტავს, GEO SKY ექსპლუატირებას უწევს ორ ერთეულ B747-ს, რომელსაც (თითოს) საშუალოდ 105 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ვინაიდან COVID-19-ის ვაქცინები სახიფათო ტვირთების კატეგორიას განეკუთვნება, მისი ტრანსპორტირებისთვის მთელი პროცედურებია საჭირო. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მისი COVID-19-ის ვაქცინის გადაზიდვის წესებიც უნდა შეიქმნას, რომლითაც შემდგომ კარგო ავიაკომპანიები ისარგებლებენ.
როგორც ცნობილია, ვაქცინების ტრანსპორტირება სამაცივრე დანადგარებით ან მშრალი ყინულის თანხლებით ხდება.
“სამაცივრე განყოფილებების განთავსება მოხდება, როგორც ძირითად სატვირთო განყოფილებაში, ასევე სათავსოში, რომელიც საჰაერო ხომალდს დამატებითი ტვირთებისთვის გააჩნია. იქედან გამომდინარე, რომ ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის საჭიროა დაბალი ტემპერატურის შენარჩუნება ესეთი ტვირთები განეკუთნება სახიფათო ტვირთების კატეგორიას და სახიფათო ტვირთების გადაზიდვას სჭირდება მთელი რიგი პროცედურები.
იქედან გამომდინარე რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და ზოგადად საქართველო არის ICAO-ს წევრი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ავტორიზაცია ნებართვა სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მოქმედია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უბრალოდ ხდება ამ ნებართვის ავტორიზება სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენს შემთხვევაში როგორც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ზოგადად მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება გვაქვს ავტორიზირებული. თუმცა საინტერესოა საიდან უნდა წამოვიღოთ ჩვენ ეს ტვირთი, ეს იქნება აშშ, ევროპის რომელიმე ქვეყანა, ჩინეთი, თუ სხვა ქვეყანა”, ამბობს კიკნაძე.
GEO SKY-ში განმარტავენ, რომ COVID-19-ის ვაქცინის შესანახად ქვეყანას ლოჯისტიკური ქსელი აქვს, რადგანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არის ტერმინალები, რომელსაც სათანადო თერმორეგულირების საშუალება აქვს, რაც ვაქცინას სჭირდება.
“თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არის სატვირთო ტერმინალები, რომელთაც ტემპერატურის შენარჩუნების სპეციალური სათავსოები გააჩნია. ჩვენ ასევე გვყავს ვერტმფრენები, რომლითაც შესაძლებელი იქნება აეროპორტიდან ვაქცინის რეგიონებისთვის უმოკლეს ვადაში მიწოდება, რათა არ მოხდეს ტემპერატურის ცვლილება”, განმარტავს შალვა კიკნაძე.