ავიაციის სექტორს COVID 19-ის პანდემიამ უპრეცენდენტოდ დიდი ზიანი მიაყენა, აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ნათია თურნავას თქმით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, დღის წესრიგში დადგა საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხი, რამაც ათასობით რეისის მოულოდნელი გაუქმება გამოიწვია.

„ამავე დროს, ავიაცია აღმოჩნდა ის დარგი, რომელმაც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ეპიდემიის ეფექტურ მართვაში და საწყის ეტაპიდანვე აქტიურად ჩაერთო დაავადების გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებში. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროულად შეზღუდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მაღალი რისკის ქვეყნებთან. პარალელურად ამოქმედდა მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ჯანდაცვის უწყებების ინფორმირება აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამომსვლელი მგზავრების შესახებ,” – განაცხადა მინისტრმა.

მთავრობის ხელშეწყობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით გახორციელდა 40-მდე სპეციალური რეისი.

აღნიშნული რეისებით მოხერხდა საქართველოს 6000-მდე მოქალაქის უსაფრთხოდ და ორგანიზებულად ჩამოყვანა. არაერთი ფრენა განხორციელდა ასევე ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ გამგზავრების მიზნით.

მინისტრის განცხადებით, „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აეროპორტებსა და საჰაერო ხომალდებზე საწყისი ეტაპიდანვე მიღებულ იქნა ყველა აუცილებელი ზომა მგზავრთა და პერსონალის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად იმუშავა წესებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე, რომლებიც ეხება ეკიპაჟის, პერსონალის სპეციალურ მომზადებას მგზავრთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე, მათ სათანადო ეკიპირებას, საჰაერო ხომალდის დეზინფექციას და ა.შ. ავიაკომპანიები და აეროპორტები პანდემიის გავრცელების პირველივე დღეებიდან უზრუნველყოფენ აღნიშნული მოთხოვნების და რეკომენდაციების დაცვას. შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მომსახურების გაწევას სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, ასევე ავიაციის ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მსხვილი და მცირე ავიასაწარმოები.”

ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა სამედიცინო და ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებამ.

„ავიაციის სექტორი მზად დახვდა აღნიშნულ გამოწვევას. საჰაერო ტრანსპორტით PCR ტესტების, პირბადეების დასამზადებლად სხვადასხვა ნედლეულის, სამედიცინო დანიშნულების საშუალებებისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირება და აღნიშნული ტვირთების მომსახურება ხდება დროულად და მაღალ დონეზე. აღსანიშნავია, რომ სააგენტოსთან კოორდინაციით, აღნიშნული ტიპის ოპერირებაში აქტიურად ჩაერთვნენ ქართული სატვირთო ავიაკომპანიებიც,” – აღნიშნა მინისტრმა.

„პანდემიამდე არსებულ ნიშნულებზე დასაბრუნებლად, ავიაციის სექტორს დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ, ვიმედოვნებთ, რომ ეტაპობრივად და ფრთხილად შევძლებთ ოპერირების ჩვეულ პროცესზე გადასვლას. აღნიშნულს ხელს უწყობს ის ფაქტორი, რომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ინტერესს კვლავაც აქტიურად გამოხატავენ ავიაკომპანიები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ პანდემიის მიუხედავად, არ გაჩერებულა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. როგორც ცნობილია 7 დეკემბერს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეა.

„ვულოცავ ამ სექტორში დასაქმებულ ყველა ადამიანს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებას ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ესოდენ მნიშვნელოვან, რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

„მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ უწყებას, ავიასაწარმოს, ავიასპეციალისტს, ამ სექტორში დასაქმებულ ტექნიკურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს, მათი უსაზღვროდ დიდი წვლილისთვის ეპიდემიის მართვის პროცესში. თქვენი პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომის და კოორდინირებული მუშაობის შედეგია ის, რომ პანდემიის პირობებშიც, ავიაცია რჩება ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალებად,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებისთვის პროფესიული დღის მილოცვაში.