კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში, ავიაციის პოპულარიზაციისა და მომავალი ავიატორების ხელშეწყობის მიზნით, ავიაკომპანიები Geo Sky და TCA საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის სტიპენდიების გაცემას განაგრძობენ.

სამხედრო მფრინავის ომარ ქორთოშიძის სახელობის სტიპენდია დღეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის 6 სტუდენტს გადაეცა.

როგორც Geo Sky-სა და TCA-ს დამფუძნებელმა ზაურ ქორთოშიძემ განაცხადა, მისთვის პრიორიტეტია წარჩინებული მომავალი ავიატორები წაახალისოს და ამ მიზნით ძმის, უგზოუკვლოდ დაკარგული მფრინავის, ომარ ქორთოშიძის სახელობის სტიპენდია დააარსა. 

“ჩვენი ორიენტირი არის, რომ გუნდი შედგებოდეს, როგორც გამოცდილი და პროფესიონალი ავიატორებისაგან, ასევე საავიაციო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მიზანდასახული კურსდამთავრებული კადრებისაგან, რომელთა შერწყმაც საბოლოო ჯამში, როგორც ავიაკომპანიას, ასევე საქართველოს საავიაციო ინდუსტრიას მისცემს მძლავრ ბიძგს განვითარებისაკენ.

ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ დაგვეწესებინა ომარ ქორთოშიძის სახელობის სტიპენდია. ომარი არის ჩემი უმცროსი ძმა, რომელიც უგზოუკვლოდ დაკარგულია. ჩვენი მიზანი იყო, რომ თქვენთვის გარკვეული სტიმული მოგვეცა, რათა უკეთ გესწავლათ და თქვენი მხრიდან უფრო მეტი დაინტერესება ყოფილიყო ავიაციის სფეროს მიმართ. წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც ჩვენთან მოდიან მართლაც მშრომელი ადამიანები არიან.

იმედი მაქვს, რომ ყველა წარმატებით გააგრძელებთ სწავლას და ასევე წარმატებით დაასრულებთ უნივერსიტეტს და გახდებით ჩვენი გუნდის ნაწილი. ჩვენი წარმატება არის ერთიანი, მთლიანი, შეკრული გუნდი. ჩემი ოცნება იყო არამარტო ავიატორთა ჯგუფის კომპანია შემექმნა, არამედ დიდი საავიაციო ოჯახი და მე ამას მივაღწიე“-  მიმართა ზაურ ქორთოშიძემ სტიპენდიანტებს და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. 

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Geo Sky-სა და TCA-ს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ. ავიაკომპანიებსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც ისინი აქტიურად არიან ჩართულნი როგორც პროგრამების განხორციელების ნაწილში, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

Geo Sky-სა და TCA-ს ​საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლიკა ქორთოშიძე აღნიშნავს: 

“Geo Sky სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში 2019 წლიდან ანხორციელებს საავიაციო უნივერსტიტეტის წარჩინებულ სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემას. ყოველი სემესტრის ბოლოს საავიაციო უნივერსიტეტიდან გვეგზავნება წარჩინებულ სტუდენტთა სია, რომელიც ქულათა რაოდენობის მიხედვით სემესტრულად იცვლება. მათთან გარდა სტიპენდიისა გვაქვს შეხვედრები და კომპეტენციის ფარგლებში ვეხმარებით მათ საჭირო ინფორმაციის მიღებასა და გამოცდილების გაზიარებაში, ასევე მათი ინტერესებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ საწარმოო პრაქტიკაში ჩავრთოთ კურსდამთავრებულები. საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკას აეროპორტის ტერიტორიაზე, ავიაკომპანიის მიერ კვალიფიციური თანამშრომლის ზედამხედველობის ქვეშ გადიან. 2021 წელს Geo Sky-ში საავიაციო უნივერსიტეტიდან  საწარმოო პრაქტიკები 20-მდე სტუდენტმა გაიარა და დღეს მათი უმრავლესობა Geo Sky-ში არის დასაქმებულსი.

ავიაკომპანიის მიზანია მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და მოტივაციის ამაღლება ავიაციის კუთხით. საავიაციო უნივერსიტეტთან ერთად ჩართულნი ვართ სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის საჯარო ლექციებში. ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან ხდება მათთვის როგორც საწარმოო, ასევე სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და იმ მიმართულების უკეთ ახსნა და წარმოჩენა, რომელ მიმართულებასაც ეს ადამიანები კურირებენ.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ ასევე ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებითაც. მათგან სისტემატიურად ვიღებთ წარჩინებული სტუდენტების თუ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და როდესაც ჩვენს კომპანიაში არის ვაკანტური ადგილი ვცდილობთ მათ აქტიურ ჩართვას”.

Geo Sky-სა და TCA-ს სტიპენდიანტები ამბობენ, რომ სტიპენდია მათთვის ერთგვარი მოტივაციაა, რომ უფრო კარგად ისწავლონ. 

ანრი ჭყოიძე, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, მომავალი მფრინავი: “რატომ გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი მფრინავი? ვერ გეტყვით, რომ ეს იყო ბავშვობის ოცნება. გადაწყვეტილება სულ ბოლო მომენტში მივიღე. როდესაც ვიყავი აბიტურიენტი მამამ წამიყვანა ჩინეთში. მანამდე მე არასოდეს მიმგზავრია თვითმფრინავით და ისე მოხდა, რომ ამ პერიოდში 7 ჯერ მომიწია ფრენა. როდესაც ილუმინატროდან ვიყურებოდი ვხედავდი ქვემოთ ქალაქებს, ჰიმალაის მთებს, ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ჩემში განსაკუთრებული გრძნობა აღიძრა, რასაც ალბათ ავიაციურ რომანტიკას დავარქმევდი. სურვილი უფრო გამიმძაფრდა, როდესაც გავაცნობიერე, რომ სურვილის რეალობად ქცევა შემეძლო. ამ მომენტში ოჯახის ყველა წევრი გვერდით დამიდგა და გადავწვიტე საავიაციო უნივერსიტეტში ჩაბარება. მე დღეს ისეთი პროფესია მაქვს არჩეული, სადაც მუდმივად სწავლობ. გამოთქმაა ასეთი “კარგი პილოტი ყოველთვის სწავლობსო” და რადგან ასეთი გზა ავირჩიე, საჭიროდ ჩავთვალე სწორი ფუნდამენტი ჩამეყარა და ამ ფუნდამეტზე ამეგო ჩემი მომავალი. მინდა გითხრათ, რომ Geo Sky-ს სტიპენდიატი პირველად გავხდი და თავად ამ პროცესმა ძალიან დიდი მოტივაცია მომცა. სტიპენდიანტობა არის დამატებითი მოტივაცია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ავიაკომპანია Geo Sky-ს”.

ანუკი ბალახაშვილი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი: “პირველად გავხდი ავიაკომპანია TCA-ს სტიპენდიანტი. მენეჯმენტის მიმართულება ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ მე 10-11 კლასში როდესაც გავიგე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის შესახებ გადავწყვიტე, რომ საავიაციო მიმართულებით წავსულიყავი.  შანსი მომეცა ის პროფესია რომელიც მინდოდა დამატებითი კომპონენტებით გამეჯერებინა, რაც მეტ შესაძლებლობებს მაძლევს. 

სტუდენტისთვის სტიპენდია მართლაც დიდი სტიმულია, რისთვისაც დიდი მადლობა ავიაკომპანია TCA-ს.  სემესტრიდან სემესტრამდე ჩვენ, სტუდენტებს უფრო დიდი მოტივაცია გვაქვს, რომ ვიყოთ საუკეთესოები და გავხდეთ ავიაკომპანიის სტიპენდიანტები”.

მარიამ ლომიძე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი: მოხარული ვარ, რომ ამჯერად ავიაკომპანია TCA-ს სტიპენდიანტი გავხდი. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ავიაკომპანიას. ვარ საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ეს სტიპენდია ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და სტიმულია. მოხარული ვარ, რომ ჩემი შრომა დამიფასდა და ავიაკომპანია TCA-მ შეამჩნია ჩვენი მონაცემები. მიმაჩნია, რომ ამ სტიპენდიის შესახებ სხვა სტუდენტები როდესაც შეიტყობენ, მათთვისაც დიდი სტიმულის მიმცემი და ინსპირაციის წყარო იქნება. მე ბავშვობიდან მსურდა ავიაციის სფეროს წარმომადგენელი ვყოფილიყავი, თუმცა ყოველთვის მინდოდა ჩამებარებინა ბიზნესის ფაკულტეტზე, მაგრამ როდესაც შევიტყვე, რომ შემეძლო ეს ორი სფერო გამეერთიანებინა და ერთმანეთთან დამეკავშირებინა, ვიყავი ბედნიერი”.