ქართულ სატვირთო ავიაკომპანია GEO SKY-ი ექსპლუატაციიდან ამოღებული Boeing 747-200-ის დაშლას გეგმავს. ბორტი, რომელიც ერთ წელზე მეტია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უმოძრაოდ დგას, ავიაკომპანიისთვის გარკვეულ ხარჯს წარმოადგენს.
“ავიაკომპანია ,GEO SKY-ს ერთი ერთეული Boeing 747-200-ის ექსპლუატაცია შევაჩერეთ გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულმა საჰაერო ხომალდმა თავისი რესურსი ამოწურა და ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დგას. თუ რა დანიშნულებას ვუპოვით საჰაერო ხომალდს, ახლო მომავალში გახდება ცნობილი. განიხილება სხვადასხვა შესაძლებლობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავიაკომპანია GEO SKY-ს საჰაერო ფლოტს 2021 წელს სამი ერთეული 747-400ის ტიპის საჰაერო ხომალდი შეემატება.
ყოველ შემთხვევაში ის უნდა დაიშალოს, შემდგომ ფიუზელაჟთან მიმართებაში განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს. ჩვენი ავიაკომპანიის დამფუძნებელს ბატონ ზაურ ქორთოშიძეს გარკვეული იდეები აქვს და ვნახოთ სამომავლოდ რა იქნება”, აცხადებს GEO SKY-ის გენერალური დირექტორის შალვა კიკნაძე.
გამორიცხული არ არის, რესურს ამოწურული და მწყობრიდან გამოსული საჰაერო ხომალდების გარკვეული სათადარიგო ნაწილები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს გადაეცეს, პრაქტიკული სამუშაოებისათვის.