ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky 2020 წელს 81%-ით მეტ ტვირთს მოემსახურა ვიდრე 2019 წელს. როგორც AviaNews-ს Geo Sky-ში განუცხადეს, 2020 წელს ავიაკომპანია 152782.565 ტონა გადაზიდა, 2019 წელს კი 84374.970 ტონა.
რაც შეეხება განხორციელებულ რეისებს, 2020 წელს Geo Sky-მ 18.8%-ით ნაკლები რეისი შეასრულა ვიდრე 2019 წელს. კომპანიის სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წელს Geo Sky-მ 845 რეისი განახორციელა, 2019 წელს კი 1041 რეისი.
როგორც Geo Sky-ში აცხადებენ, 2020 წელს ავიაკომპანიის მიერ გადაზიდული ტვირთი იყო როგორც ჰუმანიტარული სამედიცინო დანიშნულების ასევე, შერეული ტიპის ტვირთები, როგორიცაა ზოგადი ტვირთი, ფოსტა და სახიფათო ტვირთები. მიმართულებები, სადაც 2020 წელს Geo Sky-მ ყველაზე მეტი რეისი განახორციელა არის: ჭენჭოუ, ფრანკფურტი , მასტრიხტი, ლიეჟი და მაკაო.
აღსანიშნავია, რომ Geo Sky 2020-2021 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, საქართველოს გავლით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რეგულარულ სატვირთო რეისებს ასრულებს. ავიაგადამზიდველის მიერ, რეისები თბილისი-ჩენჩჟოუ-თბილისისა და თბილისი-ფრანკფურტი-თბილისის საჰაერო ხაზებზე Boeing B747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით, კვირაში 3 სიხშირით სრულდება.
„ავიაკომპანია Geo Sky 2020 წლიდან გერმანიის სახელმწიფოში რეგულარული რეისების ტვირთების გადამზიდ კომპანიად არის დანიშნული და ასრულებს რეგულარულ გადაზიდვებს თბილისი-ჭენჭოუ -თბილისი ფრანკფურტი თბილისის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით. 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პერიოდში ავიაკომპანია გეგმავს ფრენის სიხშირის გაზრდას და მიმართულებებზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი“, განუცხადეს AviaNews-ს Geo Sky-ში.
Geo Sky პირველი ქართველი გადამზიდველია, რომელიც რეგულარულ სატვირთო ფრენებს ასრულებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით რეგულარული სატვირთო ფრენები დღემდე არც ერთ ქართულ ავიაკომპანიას არ განუხორციელებია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ქართულ ავიაკომპანიას რეგულარული სატვირთო მიმოსვლისთვის აუცილებელი ნებართვა 2020 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა.
Geo Sky-ზე ექსპლუატანტის სერტიფიკატი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წელს გასცა. 2018 წელს, ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესი (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO). კარგო გადამზიდველის ფლოტი ამჟამად ორი Boeing B747 ტიპის საჰაერო ხომალდისაგან შედგება. Geo Sky ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.