საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) დირექტორმა ლევან კარანაძემ და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის (სსუ) რექტორმა სერგო ტეფნაძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას კვალიფიციური კადრების მომზადების თვალსაზრისით. კერძოდ, უნივერსიტეტის სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტური ჯგუფების სამუშაო პრაქტიკებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. ამასთან, დოკუმენტით გათვალისწინებულია ერთობლივი თემატური სემინარების/კონფერენციების, საჯარო ლექციების/ტრეინინგების და სხვა ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს აღნიშნული სასწავლო დაწესებულების სტუდენტების პროფესიული და პრაქტიკული მომზადების პროცესს, აამაღლებს მომავალი ავიასპეციალისტების კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე, ასევე მათ ცნობიერებას საავიაციო დარგში მიმდინარე სიახლეების და გლობალური ტენდენციების კუთხით.