საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების მარეგულირებელი ახალი წესების შემუშავების პროცესში ჩართვის მსურველი ოპერატორების რეგისტრაცია 20 თებერვალს იწურება. სააგენტომ უპილოტო საჰაერო სისტემების ოპერატორებს აღნიშნულ პროცესში ჩართულობისკენ ღიად უკვე მოუწოდა. ინიციატივა ითვალისწინებს საკითხით დაინტერესებული, შესაბამისი ცოდნის და/ან გამოცდილების მქონე პირების ჩართვას სააგენტოს მიერ შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.

სამუშაო ჯგუფი იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი მოთხოვნების, მათ შორის ე.წ. ღია, სპეციფიკურ და სერტიფიცირებულ კატეგორიებში ექსპლუატაციის წესების განახლება ICAO-სა და EASA-ს მიერ შემუშავებულ ახალ სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოში “U-Space“ საჰაერო სივრცის, „Urban Air Mobility“ კონცეფციის, უპილოტო საჰაერო ტაქსების დანერგვის შესაძლებლობის შესწავლა და ა.შ.

„აღნიშნულ საქმიანობაში ჩართულობა, შესაძლებლობას გაძლევთ, გაიღრმავოთ ცოდნა სამოქალაქო ავიაციის სფეროს კონკრეტული მიმართულებით და თქვენი წვლილი შეიტანოთ ახალი წესების შემუშავების პროცესში, გაეცნოთ უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისა და რეგულირების უახლეს სტანდარტებს და თანამედროვე მიდგომებს, შეიძინოთ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება, გააფართოვოთ პროფესიული კავშირები და გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება.

სპეციალური სამუშაო ჯგუფის საქმიანობას გაუძღვებიან სააგენტოს შესაბამისი გამოცდილებისა და კომპეტენციის სპეციალისტები. ჯგუფი ფუნქციონირებას დაიწყებს მიმდინარე წლის 1 მარტს, მისი მუშაობის დასრულება კი, ამავე წლის 30 ნოემბერს იგეგმება. ჯგუფის საქმიანობის დასრულების შემდეგ, მონაწილე პირებზე გაიცემა სპეციალური სერტიფიკატები.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი CV-ი ელექტრონულ მისამართზე: uas-ga@gcaa.ge მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე. კანდიდატურების შერჩევის და ჯგუფის ფორმირების პროცესი დასრულდება თებერვლის ბოლოს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია“- აღნიშნულია GCAA-ს განცხადებაში.