ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების ხელმძღვანელთა წლევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც 40 ქვეყნის 94 დელეგატი და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი 9 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, მხარეებმა ICAO-ს გლობალური და რეგიონული პროგრამების მიმდინარეობა, პოსტკოვიდურ პერიოდში კრიზისის დაძლევის და საავიაციო სექტორის მდგრადობისკენ მიმართული ერთობლივი ღონისძიებები განიხილეს. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი სახელმწიფოების თანამშრომლობის გაძლიერების და დროული ქმედებების განხორციელების მნიშვნელობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციასთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ICAO-ს გლობალური გრძელვადიანი მიზნის (LTAG) მისაღწევად.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორთან ნიკოლას რალოსთან. ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები შედგა ასევე რეგიონის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებების ხელმძღვანელ პირებთან.