ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) განაგრძობს ეროვნული საავიაციო კანონმდებლობის მიახლოვებას ევროპულ სტანდარტებთან. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესი, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს მიიღო, შემუშავებულია ევროკავშირის N2015/340 რეგულაციის მიხედვით და მისი მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში საავიაციო უსაფრთხოების დონის შემდგომი ამაღლება და საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის გაცემისა და მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების ახალი და უფრო სრულყოფილი მოთხოვნების დადგენის გზით.

ნორმატიული აქტი განსაზღვრავს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის და მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის, მეთვალყურის ოსტატობის, დაშვების გაცემის და სწავლების პირობებს, მოწმობის მფლობელის უფლება-მოვალეობებს, ასევე საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. წესის მოქმედება ვრცელდება მეთვალყურეზე/შეგირდზე და მათ სასწავლო დაწესებულებაზე, ასევე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართულია მეთვალყურის მოწმობის მაძიებლის სწავლების, გამოცდის და/ან შეფასების პროცესში.წესი 2022 წლის პირველი იანვრიდან, ეტაპობრივად შევა ძალაში.

ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული ავიამეთვალყურეთა სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატები და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე შეგირდის მოწმობები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

ნორმატიული აქტი ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე: https://gcaa.ge/regulations/gcaa-director-orders/