ბულგარეთი COVID-რეგულაციებს ამკაცრებს. როგორც ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 19 ოქტომბრის ბრძანების თანახმად, 2021 წლის 21 ოქტომბრიდან მკაცრდება COVID-რეგულაციები.

კერძოდ:
🔺იკრძალება ენის თუ სხვა სახის კურსების, კლუბების,  საგანმანათლებლო ცენტრების და სხვა მსგავსი სახის დაწესებულებების ფუნქციონირება;
🔺იკრძალება კონგრესების, კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების, კონკურსებისა და მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა;
🔺იკრძალება ყველა სახის მასობრივი ღონისძიებების გამართვა, როგორებიცაა კონცერტები, მუსიკალური ფესტივალები და სხვა;
🔺წყდება მუსიკალური და ცეკვის ჯგუფების ფუნქციონირება;
🔺უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გადადის სრულად ონლაინ რეჟიმზე;
🔺სასწავლო პროცესი წყდება და გადადის ონლაინ რეჟიმში ყველა იმ სკოლაში, რომელიც იმყოფება მუნიციპალიტეტებში, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე ინფიცირებულთა მაჩვენებელი 750-ს აჭარბებს;
🔺მუნიციპალიტეტებში, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე ინფიცირებულთა მაჩვენებელი 250-სა და 500-ს შორისაა, სკოლებში 50% დასწრება იქნება შესაძლებელი, დირექტორის მიერ განსაზღვრული განრიგის მიხედვით;
🔺სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი გაგრძელდება 50%-იანი დასწრებით (განრიგით) ყველა მოსწავლე მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ისევე როგორც მთლიანად პედაგოგიური კოლექტივი, სასწავლო პროცესის დროს უნდა იყვნენ დამცავ ნიღბებში;
🔺ფიზიკური კულტურის გაკვეთილები ტარდება მხოლოდ ღია სივრცეში;
🔺წყდება მუზეუმების, გალერეების, კინოთეატრების, თეატრების, ცირკის და სხვა სახის სასცენო დაწესებულებათა ფუნქციონირება;
🔺წყდება კლუბების, ფიტნეს დარბაზების, სპა ცენტრების, საცურაო აუზების და მსგავსი სახის დაწესებულებების ფუნქციონირება;
🔺კერძო ხასიათის შეკრებების გამართვა (ნათლობა, ქორწილი და ა.შ.) დაიშვება მხოლოდ მაქსიმუმ 15 ადამიანის შეკრების პირობებში დახურულ სივრცეში და არაუმეტეს 30 ადამიანის შეკრებისა ღია სივრცეში;
🔺წყდება ყველა სახის მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების და დახურულ სივრცეში მოქმედი დაწესებულებების ფუნქციონირება, რომელთა ფართი აღემატება 300 კვადრატულ მეტრს, გარდა საკვები პროდუქტების მაღაზიების, აფთიაქების, ზოომაღაზიების, საფოსტო მომსახურების ობიექტების და ბანკების.
📌ყველა ზემოხსენებულ დაწესებულებებში (გარდა სკოლებისა) სიარული დაიშვება მხოლოდ იმ პირობით, თუ პერსონალს და ვიზიტორებს ექნებათ „მწვანე სერთიფიკატი“. „მწვანე სერთიფიკატი“ გულისხმობს შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთს:
• ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• COVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენ ტესტი;
• ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი.
საქართველოს საელჩო გისურვებთ ჯანმრთელობას!