საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესი“ დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შედის. ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სტანდარტი ნოვაციაა სამოქალაქო ავიაციის სფეროში და მისი ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვით, სააგენტო პირველად ახდენს გარემოზე სამოქალაქო ავიაციის მავნე ზეგავლენის საკითხის რეგულირებას.
წესი შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართით გათვალისწინებული სტანდარტის (CORSIA) შესაბამისად და მისი მიზანია საერთაშორისო ფრენებზე, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირება და კომპენსაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ატმოსფეროზე სამოქალაქო ავიაციის მავნე ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირებას.
CORSIA-ს სქემა შემდეგ მექანიზმებს ითვალისწინებს:
CO2-ის შემცირება, ბიოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის გამოყენების ხარჯზე და
უკვე გამოყოფილი CO2-ის კომპენსაცია, ავიაგადამზიდველების მიერ გამონაბოლქვების ერთეულების შესყიდვისა და გაუქმების გზით, რაც ნახშირორჟანგის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებზე (ავიაკომპანიებზე), რომლებიც ახორციელებენ 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის (თვითმფრინავის) ექსპლუატაციას და რომელთა მიერ ამავე საჰაერო ხომალდების ფრენის შედეგად საერთაშორისო ფრენებზე წლიურად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი აღემატება 10 000 ტონას. შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველები ვალდებულები იქნებიან აღრიცხონ მათ მიერ გამოყოფილი CO2-ის ოდენობა 2024 წლის 1 იანვრიდან შესრულებულ საერთაშორისო ფრენებზე და დააკომპენსირონ იგი ან წინასწარ იზრუნონ მის შემცირებაზე.
წესის მოქმედების ფარგლებში, სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს ავიაგადამზიდველების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში გამოყოფილი CO2-ის მონიტორინგს, შეითანხმებს ამგვარი მონიტორინგის მეთოდიკას და განახორციელებს თითოეული ავიაგადამზიდველისთვის CO2-ის საკომპენსაციო ოდენობის დაანგარიშებას.
აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ახალი გარემოს დაცვითი სტანდარტის დანერგვაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო და სრულად უზრუნველყო ინდუსტრიის ინფორმირება წესის დანერგვის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. ავიაგადამზიდველების წარმომადგენლებს არაერთგზის მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ ტექნიკური ხასიათის შეხვედრებს, მათ შორის ადგილობრივ და ICAO-ს ეგიდით ორგანიზებულ სემინარებს.
CORSIA-ს დანერგვით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა ICAO-ს წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც საწყის, საპილოტე ეტაპზევე დაიწყო სტანდარტის დანერგვაზე მუშაობა და უზრუნველყო პროცესში ინდუსტრიის მაქსიმალური ჩართულობა.
ახალი რეგულაცია გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე და ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე: https://gcaa.ge/regulations/gcaa-director-orders/