საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიწვევით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურების ინსპექტორი (CNS) ზაალ ხოჭოლავა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც მან კოლეგებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების და ზედამხედველობის კუთხით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.
ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორმა მონაწილეობა მიიღო მაკედონიის სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს – „M NAV”-ის ინსპექტირების, კერძოდ კი, საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო, სარადიოლოკაციო მომსახურებების და მართვის სისტემის ელემენტების შემოწმების პროცესში. შეხვედრები გაიმართა ასევე ჩრდილოეთ მაკედონიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. კოლეგები დეტალურად გაეცვნენ ქართული მხარის პრაქტიკულ გამოცდილებას ევროპული რეგულაცია 2017/373-ის დანერგვის და ამავე მოთხოვნების გათვალისწინებით, „საქაერონავიგაციის“ რესერტიფიცირების კუთხით. აღნიშნული მიმართულებით, საავიაციო ხელისუფლებების სპეციალისტებს შორის კონსულტაციები გაიმართა დისტანციურ ფორმატშიც.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, შეხვედრები და გამოცდილების გაზიარების სხვა აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.