სახალხო დამცველის რეკომენდაციამდე ავიაკომპანია Georgian Airway-ის ქმდებაზე რეაგირება უკვე ჰქონდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA), რომელმაც ავიაკომპანია უკვე დააჯარიმა კიდეც.

„დღეს გავრცელდა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის მიმართ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლების დარღვევის შესახებ, რეკომენდაციაში მოყვანილ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის აპრილში შეისწავლა აღნიშნული ფაქტი და დაადგინა, რომ ავიაკომპანიამ დაარღვია სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის მე-16 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ“ წესის მე-7 მუხლის მე–2 პუნქტი, რაც გულისხმობს ავიაკომპანიის მიერ აეროპორტის ოპერატორისათვის ინფორმაციის მიწოდებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მომსახურებასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე არ არის ავიაკომპანიის წინასწარი შეტყობინება და მგზავრი უშუალოდ გაფრენისას განაცხადებს მისთვის სპეციალური მომსახურების საჭიროების თაობაზე. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 19 აპრილს დაადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ავიაკომპანია „Georgian Airways“ დააჯარიმა“, აღნიშნულია GCAA-ს ინფორმაციაში.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ „საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესი“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2013 წელს მიიღო. რეგულაცია შემუშავებულია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად (Reg. N1107/2006) და მისი მიზანია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა და მათი უფლებების დაცვა.

„ნორმატიული აქტის მოქმედება ვრცელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ან აპირებენ ისარგებლონ სამგზავრო კომერციული საჰაერო მომსახურებით საქართველოს აეროპორტებში, გამგზავრების, დაფრენის, ტრანზიტის და/ან ტრანსფერის დროს, აგრეთვე შეზღუდლი შესაძლებლობების მქონე იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნების აეროპორტებიდან საქართველოს მიმართულებით საქართველოს ავიაგადმზიდველის/ მომსახურე ავიაგადამზიდველის მეშვეობით. დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ოპერატორისა და მომსახურე ავიაგაგადამზიდველის ვალდებულებები ზემოთაღნიშნულ პირებთან მიმართებაში“, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.