საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების და იმ პირთა საყურადღებოდ, რომლებიც ახდენენ / გეგმავენ კომერციულ სპეციალიზებულ ექსპლუატაციას საქართველოს საჰაერო სივრცეში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჯარო განხილვისთვის ნორმატიული აქტების პროექტები გამოიტანა.
ბრძანების პროექტს – „კომერციული სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) წესის” დამტკიცების შესახებ.
წესის მიღების მიზანია სპეციალიზირებული ავიაციის რეგულირება ევროპული სტანდარტების შესაბამისად. პროექტი შემუშავებულია ევროპული რეგულაციის (EASA Air Operations Regulation (EU) No 965/2012 Part-SPO (Specialised Operations)) მიხედვით და ადგენს ახალ მოთხოვნებს თვითმფრინავით და შვეულმფრენით კომერციული სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების მიმართ. წესის მოქმედება ვრცელდება საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ან რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში და მათი ექსპლუატაცია ხორციელდება საქართველოს საჰაერო სივრცეში.
წარმოდგენილი წესის მიხედვით, სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია კომერციული მიზნით საავიაციო სამუშაოების (სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო სამუშაოები, აეროფოტოგადაღება, მონიტორინგი, სარეკლამო და კვლევითი ოპერაციები და სხვა) შესასრულებლად), განხორციელება, რომელიც არ არის განსაზღვრული როგორც მაღალი რისკის შემცველი, შესაძლებელი გახდება დეკლარირების საფუძველზე.
სააგენტოს მიერ, აღნიშნული რეგულაციის დანერგვა, დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს განახორციელონ გარკვეული სახის საავიაცო სამუშაოები საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის (AOC) მიღების გარეშე, რაც უზრუნველყოფს საავიაციო სამუშაოების განხორციელების უფლების მიღებას შედარებით მოკლდე დროში, დეკლარაციის საფუძველზე.
წესი ასევე ადგენს საავიაციო სამუშაოების ავტორიზაციის (SPO) პირობებს საქართველოში რეგისტრირებული ექსპლუატანტების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ მაღალი რისკის კომერციულ სპეციალიზებულ ექსპლუატაციას. რაც შეეხება სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ექსპლუატანტებს, ისინი უფლებამოსილნი იქნებიან განახორციელონ კომერციული სპეციალიზირებული ექსპლუატაცია სააგენტოს ნებართვის საფუძველზე, წარმოდგენილი პროექტით დადგენილი ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით.
წესის მოქმედება არ გავრცელდება დირიჟაბლის, აეროსტატის და პლანერის ექსპლუატაციაზე.
წესის ამოქმედებით გაუქმდება საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – სსიპ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის N8 ბრძანებით დამტკიცებული “საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელო“.
ნორმატიული აქტის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე: https://gcaa.ge/draft-regulations/
შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ ელ. მისამართზე: uas-ga@gcaa.ge.