2023 წელი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და ამაში დიდი როლი ითამაშა ITB Berlin-ის მსოფლიო ტურისტულმა გამოფენამ, – აცხადებს ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს ხელმძღვანელი ნინა კეკელიძე.

მისი თქმით, დღეს გამოქვეყნებული ტურიზმის სტატისტიკური მაჩვენებლებით, სექტორის მოლოდინები გამართლდა.

„ჩვენი ტურისტული კომპანია Discover Georgia, რამდენიმე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, სადაც რეკლამირებას უკეთებდა საქართველოს როგორც მიმზიდველ ტურისტულ პროდუქტს და შესაბამისად, ზაფხულისთვის გვქონდა კარგი მოლოდინები და ეს მოლოდინები გამართლდა. ბევრი მსურველია, რომელსაც სურს საქართველოში მოგზაურობა. კონკრეტულად, ითხოვენ კავკასიის კომბინირებულ ტურებს: საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი. ასევე გაზრდილია, მოთხოვნა კულტურულ ტურებზე, რომელზედაც პანდემიის დროს მოთხოვნა არ იყო.

რაც შეეხება გამყვანი ტურიზმის დინამიკას, მნიშვნელოვანია, რომ ავიაციის სტატისტიკა ხელს უწყობს ქვეყანაში და ქვეყნიდან ტურისტების როგორც შემოდინებას, ასევე გადინებას. მრავალი ავიაკომპანია, საუბარია 50-ზე მეტი ავიაკომპანიაზე, რომლებიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს ასრულებს 60-ზე მეტი მიმართულებით ფრენებს, რაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი ციფრია. ავიაცია, ფრენები და აღდგენილ სიხშირეები ხელს უწყობს შემომყვანი და გამყვანი ტურიზმის პროგრესულ და მდგრად დინამიკას. ჩვენთვის ტურისტული კომპანიისთვის საკმაოდ ცხელი სეზონია, ბევრი მომხმარებელი მოგვმართავს საქართველოში სამოგზაუროდ ასევე საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ“, – ამბობს ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს ხელმძღვანელი.

ნინა კეკელიძის თქმით, Discover Georgia-მ საკუთარ თავზე აიღო მთლიანად კავკასიის კომბინირებული ტურების ორგანიზება.

„ეს კი გულისხმობს იმას, რომ ჯერ მოგზაური ჩამოვა საქართველოში შემდგომ ჩვენ უზრუნველვყოფთ მის სომხეთში გამგზავრებას, სომხეთიდან კვლავ ბრუნდება საქართველოში, შემდეგ ვაორგანიზებთ მის მოგზაურობას აზერბაიჯანში. აზერბაიჯანიდან კი სურვილისამებრ ან ისევ საქართველოში დაბრუნდება ან გაფრინდება აზერბაიჯანიდან.

მოთხოვნა კომბინირებულ ტურებზე არის ჩინეთიდან, ევროპიდან, აზიაში ნაკლებად მხოლოდ არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. იმიტომ, რომ მათ საქართველო მოსწონთ და ხიბლავთ, სპეციფიკური კაზინო ტურების გათვალისწინებით“, – აცხადებს Discover Georgia-ს ხელმძღვანელი.

ირკვევა, რომ Discover Georgia-ს შემთხვევაში კომბინირებული ტურის მინიმალური ხანგრძლივობა 7-8 დღეა, რომელიც იზრდება დამკვეთის სურვილის შესაბამისად.