საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა / Memorandum of Cooperation has been signed between the Georgian Civil Aviation Agency (GCAA) and the Federal Supervisory Authority for Air Navigation Services (BAF) of Germany
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალური უწყების (Bundesaufsichtsamt für Flugsicherung – BAF) დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლაუს ჰერმანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან მჭიდრო თანამშრომლობაზე სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობასთან დაკავშირებული ICAO-ს სტანდარტების და ერთიანი ევროპული ცის (SES) რეგულაციების დანერგვის კუთხით.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მონაცემებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების და სასწავლო დაწესებულებების ზედამხედველობა და სერტიფიცირება, სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელები, საჰაერო მოძრაობის, კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებების ზედამხედველობა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების სერტიფიცირება, აგრეთვე საჰაერო სივრცის მოქნილი სარგებლობის მიზნით, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაცია და სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციის მართვა. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება შეხვედრებისა და სემინარების, ასევე გასვლითი ვიზიტების ორგანიზება ორივე უწყებაში.
მემორანდუმს ხელი თბილისში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოეწერა ხელი. შეხვედრაზე, დადებითი შეფასება მიეცა ქართული მხარის აქტივობებს ICAO-ს მე-40 ასამბლეის ფარგლებში, მათ შორის აღინიშნა განზრახულობათა ოქმის გაფორმება SESAR-თან საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზების და ეფექტურობის გაუმჯობესების საკითხებზე.