„ყოველთვის სიამაყით ვსტუმრობ ჩემი მშობლიური ქვეყნის, საქართველოს პავილიონს. გასტრონომიული, ინოვაციური და საიმიჯო სტრატეგიები საქართველოს ბრწყინვალედ წარმოაჩენს მთელს მსოფლიოში, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, მარიამ ქვრივიშვილს,” – დატვიტა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2023 – ზე საქართველოს პავილიონის დათვალიერების შემდეგ. ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს მაია ომიაძეს შეხვდა, რომლებმაც მას საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნეს.

მადრიდის გამოფენაზე, საქართველოს ასევე წარმოადგენენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 8 ტურისტული კომპანია.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარდგენილი. FITUR -2023-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.