საქართველოს ელჩი კანადაში ICAO-ს პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს შეხვდა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ელჩმა კანადაში და მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტთან სალვატორე შაკიტანოსთან და ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ხუან კარლოს სალასართან. კოვიდ რეგულაციების გამო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში შედგა.
კონსტანტინე ქავთარაძემ მადლობა გადაუხადა ICAO-ს პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მისიასა და ორგანიზაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობისთვის. აღინიშნა, პანდემიის უარყოფითი გავლენა გლობალურ საავიაციო სექტორზე, ეკონომიკასა და ტურიზმზე. ამავე დროს, ხაზი გაესვა, რომ გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფერომ მედეგობა და მოქნილობა გამოავლინა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ რეფორმების შედეგად საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ეფექტიანი სისტემის შექმნის კუთხით და ბევრი პარამეტრით ის ერთ-ერთი ლიდერია არა მარტო რეგიონში, არამედ, ევროპაში. მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მზად არიან, კვლავაც აქტიურად ითანამშრომლონ ICAO-სთან, გაეროს სხვა სტრუქტურებთან, რათა ერთობლივად ეძიონ საავიაციო და ტურისტული სექტორის პანდემიის შემდგომი აღდგენის გზები და უზრუნველყონ ფრენების უსაფრთხოების სისტემის გრძელვადიანი მდგრადობა და მიღწეული სტანდარტებისა და საჰაერო მომსახურების ხარისხის შემდგომი ზრდა.
ICAO-ს პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს გაწეული საქმიანობისთვის, საქართველო-ICAO-ს თანამშრომლობაში აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებები უსურვეს შემდგომ საქმიანობაში.