სატვირთო თვითმფრინავი ილ-76TD, რომელიც თურქეთის ქალაქ ერზრუმის აეროპორტში (ERZ/LTCE) 11 წელზე მეტია დგას, აუქციონზე იყიდება, რომელსაც თურქეთის სახელმწიფო აეროპორტების გენერალური დირექტორატი ჩაატარებს.
აუქციონი 22 ნოემბერს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შედგება და აუქციონზე აღნიშნული თვითმფრინავის საწყისი ღირებულება 400 ათასი თურქული ლირაა, ანუ დაახლოებით 21,5 ათასი დოლარი.
თითქმის 40 წლის (წარმოებული 1984 წელს) სატვირთო ილ-76TD-ის ბოლო ოპერატორი ქართული ავიაკომპანია Sky Georgia იყო. ვიდრე საქართველოში აღმოჩნდებოდა თვითმფრინავით საბჭოთა „აეროფლოტი“, ავიაკომპანია “სამარა” და ირანულ Payam – IPTAS სარგებლობდნენ.
თვითმფრინავი 2011 წლის ოქტომბერში თურქეთის პროვინცია ვანის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების მისიაში მონაწილეობდა. ილ-76-ის ასეთი დაბალი ფასი აიხსნება იმით, რომ თვითმფრინავი 30 ოქტომბრის ღამეს დაეშვა ერზრუმის აეროპორტში, მაგრამ უკან აღარ დაბრუნდა ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც გამოწვეული იყო პარკირების დროს სხვა თვითმფრინავთან შეჯახებით. სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თვითმფრინავი წლებია იმავე სადგომზე დგას, მიუხედავად თურქული მხარის მცდელობისა დაკავშირებოდა ავიაკომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში.
ეკიპაჟმა, საბედნიეროდ, დროულად შეამჩნია საფრთხე და მოახერხა მისი დატოვება. თუმცა 4L-SKN-მა მიიღო სერიოზული დაზიანება, რომლის შეკეთებაც შემდგომ ქართულმა ავიაკომპანიამ ვერ შეძლო (და არც სურდა).
წლების წინ მედია წერდა, რომ ვინაიდან თვითმფრინავი თურქეთში კატასტროფის დროს ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით ჩაფრინდა, აეროპორტების გენერალურ დირექტორატს (DHMI) არ აქვს უფლება აიღოს პარკირების საფასური ხომალდის მფლობელისგან.
თუმცა დღეს ტელეგრამ არხები წერენ, რომ მას შემდეგ რაც 90 ტონიანი სატვირთო ილ-76 ერზრუმში იყო გაჩერებული, აეროპორტში დგომის გადასახადი დიდი ხანია აჭარბებს თვითმფრინავის ღირებულებას. ქართულ მხარეს თვითმფრინავის დაბრუნების მცდელობა არ ქონია. ამიტომ, თვითმფრინავი აუქციონზე იყიდება. მისი ბედი სავსებით გასაგებია – განკარგვა: უსაფრთხოების ზომების გარეშე და ასეთი დაზიანებით ბორტის აღდგენას არავინ აპირებს, თუმცა „კანიბალიზაციაც“ შესაძლებელია.
უკვე გაკოტრებული ქართული ავიაკომპანია Sky Georgia-ს ხელმძღვანელი გიორგი კოდია აცხადებს, რომ აღნიშნულ საავიაციო ინციდენტში მეორე ავიაკომპანიის გარდა ბრალი გარკვეულწილად აეროპორტსაც მიუძღოდა.
რაც შეეხება კომპანიის გაკოტრების მიზეზს, ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ სწორედ იმ პერიოდში საქართველომ არა-EASA-ს მიერ სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდების (მათ შორის საბჭოთა წარმოების ხომალდები) რეესტრიდან ამოღების პროცესი დაიწყო და მათ შორის იყო ილ-სერიის თვითმფინავებიც. შესაბამისად Sky Georgia-თვის ილ-76-ის რეაბილიტაციამაც აზრი დაკარგა. ამ ფონზე კი ავიაკომპანია ბორტების გარეშე დარჩა და გაკოტრდა.
„როდესაც ჩვენმა ავიაკომპანიამ რეისი შეასრულა და თვითმფრინავი აეროპორტში იდგა ერთ-ერთი ავიაკომპანიის ბორტმა მოხვევისას ფრთა გამოსდო. პატარა აეროპორტია და სავარაუდოდ აეროპორტმაც არასწორად მიათითა და მოხდა შეჯახება.
თურქეთის კონკრეტულ აეროპორტში მაშინ არ იყო ტექნიკური ბაზა აღნიშნული საჰაერო ხომალდის შესაკეთებლად. ჩვენს ბორტს საკმაოდ სერიოზული დაზიანება ქონდა, გადაჭრილი იყო კაბელები და თვითმფრინავი როგორ აფრინდებოდა თუ ვერ შეკეთდებოდა.
იმ აეროპორტს კი სათანადო ტექნიკური ბაზა არ ქონდა და საჭირო ნაწილების ჩატანის შემთხვევაში, შემდგომ მისი შეკეთებისთვის ანგარი უნდა აგვეშენებინა. ანგარის აშენება და მთელი ტექნიკური ბაზის ჩატანა ფინანსურად აღარ ღირდა. ეს რომ ყოფილიყო სტამბოლში, იქ მაშინ ყველანაირი ტექნიკური საშუალება არსებობდა აღნიშნული ხომალდის შესაკეთებლად.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ აგვიმუშავდა დაზღვევა. დაზღვევას რა ვალდებულებებიც ქონდა შეასრულა. ინციდენტში თავად აეროპორტსაც ქონდა ბრალეულობა, რომ არასწორად მიუთითა. ეს ბორტი ჩვენი საკუთრება არ ყოფილა, „ბელავიაეიშენისგან“ იჯარით გვქონდა აღებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც ოპერატორებმა ჩვენი ვალდებულებები დავალაგეთ და რაც შეეხება მფლობელს მათ გააგრძელეს მოლაპარაკებები. ჩვენ აღარ ჩავრეულვართ. ჩვენ მფლობელები არ ვიყავით და რაც ჩვენი ვალდებულებები იყო ყველაფერი შევასრულეთ“, – განმარტავს გიორგი კოდია.
რატომ იყიდება დღეს აღნიშნული ბორტი და რა მიზნებისთვის შესაძლოა იყოს გამოყენებული, გიორგის კოდუას საკუთარი მოსაზრებები აქვს. მისი თქმით, შესაძლოა აღნიშნული თემა რუსეთ-უკრაინის ომის დროს მიზანმიმართულად გააქტიურდა. კოდუა მიიჩნევს, რომ ინტერესი შესაძლოა იყოს, როგორც თავად თვითმფრინავზე, ასევე მის ნაწილებზე, იმიტომ, რომ ასეთ თვითმფრინავს ვეღარ პოულობენ და რადგანაც მას სერიოზული პარამეტრები აქვს.