FlyUIA-ს საჰაერო ხომალდი, რომელიც დღეს დილით ირანში ჩამოვარდა, 2016 წელს იყო გამოშვებული. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Boeing 737-800 NG-ი სარეგისტრაციო ნომრით UR-PSR ავიაგადამზიდავმა პირდაპირ მწარმოებლისგან მიიღო. ბორტს ბოლო სავალდებულო ტექნიკური მომსახურეობა, ავიაკატასტროფამდე 2 დღით ადრე, 2020 წლის 6 იანვარს ჩაუტარდა.

განვითარებული მოვლენების ფონზე FlyUIA-მ თეირანის მიმართულებით ავიარეისები შეაჩერა. ფრენების გადადება განუსაზღვრელი ვადით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ​FlyUIA-ს კუთვნილმა Boeing 737-800-მა ავიაკატასტროფა განიცადა, რომლის მიზეზადაც სავარაუდოდ ძრავის აალება სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, Boeing-737 თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან ზუსტად 2 წუთში ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა დაღუპულია. FlyUIA თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს.