უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მიმართულებით სიხშირეები გაზარდოს. იმავდროულად ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ფრენებს არ გეგმავს. FlyUIA-ს კომუნიკაციების დირექტორის ევგენია საცკაიას განმარტებით, დღეისათვის FlyUIA თბილისის მიმართულებით დღეში ორი სიხშირით დაფრინავს, თუმცა ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას განიხილავს.

“ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს ჩვენ არ ვგეგმავთ – ეს მიმართულება სეზონურია და ჩვენ მსგავსი ტიპის რეისებზე უარი ვთქვით, იმ რეისების სასარგებლოდ, რომელთა განხორციელება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი”, განმარტა FlyUIA-ს წარმომადგენელმა.

საცკაიას თქმით, თბილისი FlyUIA-სთვის “მნიშვნელოვანია, რადგანაც მაქვს აქვს ქსელური ტრანზიტული ეფექტი”.

“მგზავრებისთვის ევროპიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან თბილისში მოგზაურობა კიევის გავლით ძალიან კარგი მოდელია”,- განაცხადა მან.

საცკაიამ ყურადღება გაამახვილა ასევე, საქართველოს ზოგიერთ აეროპორტში მაღალი მოსაკრებლების შესახებ.

“არსებობს პრობლემა, რომელიც ჩვენ შესაძლებლობას არ გვაძლევს, რომ საქართველოში განვითარდეთ: თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში საკმაოდ მაღალი გადასახადებია, რადგანაც ეს აეროპორტები უცხოური კომპანიის მართვაში იმყოფება. ეს გადასახადები კი ოდნავ მაღალია, ვიდრე ევროპის ბევრი ქალაქის აეროპორტებში. მოსაკრებლის შემცირება კი ავტომატურად ფრენების ხარჯების შემცირებას გამოიწვევდა”, განმარტა FlyUIA-ს წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს მიმართულებით ფრენები 8 ივლისიდან შეწყდებოდა და მოუწოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ საქართველოდან საკუთარი თანამოქალაქეები გაეყვანა.