უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა FlyUIA-მ, სხვა მსხვილი ავიაკომპანიების მსგავსად, ბორტზე საქველიანი პირბადის ტარება აკრძალა. უსაფრთხოების განახლებული წესები ძალაში 12 ოქტომბრიდან შედის.
FlyUIA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირბადის ტარება სავალდებულო იქნება 6 წელზე მეტი ასაკის მგზავრებისათვის. ავიაკომპანია მგზავრებს სარქველიანი რესპირატორის გამოყენების უფლებას აღარ მისცემს, რადგანაც სარქველიდან ამოსუნთქვის შემდეგ ერთი მიმართულებით გამოიყოფა ბიოლოგიური მასალა, რომელიც შეიძლება ინფექციური დაავადების გამომწვევ წვეთებსაც შეიცავდეს.
FlyUIA მგზავრებს პირბადის ტარებას არ მოსთხოვს რამდენიმე მიზეზის გამო. უფრო კონკრეტულად თუ მგზავრს სასუნთქი გზების პრობლემები აქვს და ეს COVID-19-თან დაკავშირებული არ არის. თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაში, ექიმისგან დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს. ავიაკომპანია პირბადის ტარებას არ ავალდებულებს ასევე იმ მგზავრებს, რომელთაც აქვთ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ, რომელიც ჩატარებულია რეისამდე არაუადრეს 48 საათით ადრე.
FlyUIA -ს უსაფრთხოების განახლებული წესების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია წაიკითხეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მსხვილმა ავიაკომპანიამ მგზავრები გააფრთხილა, რომ ბორტზე არ დაიშვებიან თუ კი ისინი სარქველიანი პირბადით გამოცხადდებიან.
ასეთი გაფრთხილება უკვე გააკეთეს Air Canada-მ და Lufthansa Group-მა, რომლის შემადგენლობაშიც შედის: Lufthansa, Austrian Airlines და Swiss.
სარქველიანი პირბადეები სატარებლად კომფორტულია, რადგანაც ის ჰაერის ფილტრაციით იცავს მგზავრს, თუმცა იმავდროულად უკან გაუწმინდავ ჰაერს უშვებს. ამრიგად მსგავსი ტიპის პირბადე სხვა მგზავრების სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს. სწორედ ამ არგუმენტით ხელმძღვანელობენ ავიაკომპანიები, ბორტზე მათი აკრძალვისას.