ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბერლინი-თბილისის ჩარტერულ რეისზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის ბორტზე არ დაშვების მიზეზებს განმარტავს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.

ასევე, აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. “მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში. 

“ავიაკომპანია  Georgian Airways-ი ათწლეულებია ოპერირებს ქართულ ავიაბაზარზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს  ქართულ ეკონომიკაში. პანდემიის პირობებში კი, ჩვენი კომპანიის როლი პრაქტიკულად შეუცვლელი აღმოჩნდა. გლობალური კრიზისის პირობებში, ერთგულად, ხარისხიანად და ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით,  ემსახურება, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, ნებისმიერი და მათ შორის ჩვენი ავიაკომპანია ოპერირებს სპეციალური რეგულაციებით, რომელიც დადგენილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სახელმწიფოების მიერ.

საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გამო, თუ რატომ ეთქვა უარი აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში ტრანსპორტირებაზე, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.

აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. “მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიმე „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას მომსახურებოდა მას”, აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს. აღნიშნულის მიზეზად დასახელდა, ის რომ ავიაკომპანია Georgian Airways-ი და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელები მას საქართველოში გამგზავრების შესაძლებლობას არ აძლევენ.