უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა FlyUIA 2018 წელი ზარალით დახურა. აღნიშნულის შესახებ განცხადება კომპანიის პრეზიდენტმა იური მიროშნიკოვმა გააკეთა, თუმცა კონკრეტული დეტალები არ გაუჟღერებია.

იმავდროულად FlyUIA-ს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელი კომპანიისთვის წამგებიანი არ იქნება.

“გასული წელი კომპანიისთვის წამგებიანი იყო. 2019 წელს კი ჩვენ სტაბილიზაციის წელს ვუწოდებთ, რომელიც მიზნად ისახავს დადებითი შედეგის უზრუნველყოფას”, განაცხადა მან.

FlyUIA-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ კომპანიის ისტორიაში ეს უკვე მეორე წამგებიანი წელი იყო.

შეგახსენებთ, რომ FlyUIA 1992 წელს დაფუძნდა. ავიაკომპანიის 100%-ი კერძო ინვესტორების ხელშია. ავიაკომპანია უკრაინას მსოფლიოს 50 ქალაქთან აკავშირებს. FlyUIA კვირაში 1.1 ათას რეგულარულ რეისს ახორციელებს. ავიაკომპანიის ფლოტი 45 თვითმფრინავს აერთიანებს. FlyUIA ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული.