უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA აპირებს, რომ საკუთარი თვითმფრინავების ფიუზელაჟები სარეკლამო ბილბორდებად აქციოს. შესაბამისი განცხადება ავიაკომპანიამ ელექტრონული სისტემის zakupki.prom.ua-ს მეშვეობით გააკეთა, რომელიც Prozorro-ს აკრედიტირებული წევრია.

შეკვეთ8ს მინიმალური ფასი, ერთ თვითმფრინავზე, 1 მლნ 950 ათასი გრივნაა. აღნიშნული ტარიფი ვრცელდება 3 თვიან სარეკლამო პაკეტზე. ამასთან, აუქციონის დროს მომსახურების ღირებულება შეიძლება გაიზარდოს.

ახალი სერვისის პრეზენტაციაზე მითითებულია, რომ თვითმფრინავის ფიუზელაჟზე განთავსებული რეკლამი ფერები კონფლიქტში არ უნდა მოვიდეს თვითმფრინავის შეფერილობასთან. რეკლამის დამზადებისა და განთავსების ხარჯს ფარავს თავად დამკვეთი.

ცნობილია, რომ ავიაკომპანია საკუთარი ლაინერების კორპუსებზე რეკლამის განთავსების საშუალებას არ მისცემს კონკურენტ კომპანიებს და ტურისტულ სააგენტოებს.

დამკვეთებისათვის ახალ შესაძლებლობებს შორისაა ასევე 150 ათას გრივნად FlyUIA-ს სალონებში რეკლამის განთავსების შესაძლებლობა (აღნიშნული ტარიფი მოიცავს რეკლამის განთავსებას 30 რეისზე) და სარეკლამო ბანერების განთავსება ავიაკომპანიის საიტსა და მობილურ აპლიკაციაში.