საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი ზრდის ფრენების ინტენსივობას საქართველოს მიმართულებით და ამატებს ერთ რეგულარულ მიმართულებას. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში, ავიაგადამყვანი რეგულარულ რეისებს 4 მიმართულებიდან, კვირაში 11 დამატებითი სიხშირით შეასრულებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, დღეიდან – ივლისის ბოლომდე, ავიაკომპანია ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებს:

თბილისი – ქასიმი – თბილისის ახალ საჰაერო ხაზზე ფრენები შესრულდება კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს;

რიადი – თბილისი – რიადის საჰაერო ხაზზე, ემატება 3 სიხშირე და ჯამში, რეგულარული რეისები კვირაში 6-ჯერ, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას განხორციელდება;

ჯედა – თბილისი – ჯედას საჰაერო ხაზზე, ემატება 3 სიხშირე და ჯამში, რეგულარული რეისები კვირაში 7-ჯერ, ყოველდღიურად განხორციელდება;

დამამი – თბილისი – დამამის მიმართულებით ფრენები დამატებით 2 სიხშირით შესრულდება და ჯამში, ავიარეისები კვირაში 6 სიხშირით – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას გახორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით და დამატებითი მიმართულებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 30 ივნისს მიენიჭა.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, – განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.