Flydubai Boeing 737 MAX 8 photographed on July 26, 2017 from Wolfe Air Aviation’s Learjet 25B.

flydubai-ის ავიაკომპანია 2025 წლის ნოემბრიდან ეკონომკლასის ყველა მგზავრს ფრენისას უფასო კვებასა და ბორტზე გართობის სისტემით სარგებლობას შესთავაზებს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა მგზავრობის ყველა ეტაპზე მომსახურების გასაუმჯობესებლად. ახალ სერვისებს შორის არის ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის რეგისტრაციის სპეციალური ზონის შექმნა და დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალში ბიზნეს-კლასის მოგზაურთათვის განკუთვნილი ახალი მოსაცდელი დარბაზის გახსნა.

„წლების განმავლობაში, ჩვენი მოქნილი ბიზნეს-მოდელი საშუალებას გვაძლევდა, სწრაფად მოვრგებოდით გამოწვევებს და გაგვეხსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენი განვითარებისა და ზრდის კვალდაკვალ. ახლა ჩვენ ვემზადებით ქსელის გაფართოებისთვის, ვაგრძელებთ ფლოტის ზრდას და ყოველწლიურად უფრო მეტი მგზავრის გადაყვანას. კვებისა და ბორტზე გართობის სერვისის თითოეულ ბილეთში ჩართვით, ჩვენ ვცვლით ეკონომკლასის ტარიფების სტრუქტურას და მგზავრებს მეტ სარგებელს ვთავაზობთ, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებით“, – განაცხადა ჰამად უბაიდალამ, flydubai-ის კომერციულმა დირექტორმა.

ბორტზე გართობის სისტემა მოიცავს 1000-ზე მეტ უახლეს ჰოლივუდურ, ბოლივუდურ, არაბულ და საერთაშორისო ფილმს, ასევე სატელევიზიო შოუების ფართო არჩევანს ისეთი მსხვილი სტუდიებისგან, როგორებიცაა HBO Max, BBC Kids და Cartoon Network.

მგზავრებს ასევე შეუძლიათ გაერთონ ინტერაქტიული თამაშებით, იხილონ ელექტრონული ჟურნალები და მიიღონ მეტი ინფორმაცია დანიშნულების ადგილის შესახებ გზამკვლევებისა და ფრენის რეალურ დროში მონაცემების საშუალებით. მათ არჩევანში 700-ზე მეტი მუსიკალური ალბომი და პოდკასტია.

რაც შეეხება ბორტ-კვებას, კერძებისა და სასმელების ასორტიმენტი დამოკიდებული იქნება მარშრუტსა და ფრენის ხანგრძლივობაზე. ამჟამად flydubai სთავაზობს რეგიონულ მენიუებს აფრიკული, ევროპული, ინდური, ახლო აღმოსავლური, რუსული და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ავთენტური კერძებით.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ წელს უკვე მიიღო ცხრა ახალი თვითმფრინავი, რის შედეგადაც მისი ფლოტი 95 Boeing 737-მდე გაიზარდა. 2025 წლის ბოლომდე, გადამზიდავი კიდევ სამ თვითმფრინავს ელოდება, რაც დამატებით მხარს დაუჭერს 135-ზე მეტი მიმართულებისგან შემდგარ ავიაკომპანიის მარშრუტების ქსელს. (ინფორმაცია flydubai-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელდა)