ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროპული ავიაკომპანიები ევროკავშირისგან სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვენ. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) პროგნოზით, თუ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გაგრძელდება, საავიაციო საწვავის გლობალური დეფიციტი შესაძლოა უკვე სამ კვირაში დადგეს, რაც პირდაპირ დაარტყამს ზაფხულის ტურისტულ სეზონს.

ავიაკომპანიების ასოციაცია Airlines for Europe (A4E), რომელიც აერთიანებს ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Lufthansa და Ryanair, ევროკავშირს რამდენიმე ინიციატივით მიმართავს:

ევროპული მასშტაბით კეროსინის მარაგების მკაცრი კონტროლი და საწვავის კოლექტიური შესყიდვის მექანიზმის განხილვა.

მოთხოვნა, რომ ნავთობის 90-დღიანი სახელმწიფო რეზერვების შენახვის ვალდებულება საავიაციო საწვავზეც გავრცელდეს.

საავიაციო გადასახადების გაუქმება და ნახშირორჟანგის ემისიებით ვაჭრობის სისტემის (ETS) დროებითი შეჩერება ოპერაციული ხარჯების შესამცირებლად.

ევროკომისია 22 აპრილს გეგმავს სპეციალური პაკეტის წარდგენას, რომელიც ენერგეტიკულ ბაზარზე ომის გავლენის შერბილებას ისახავს მიზნად. ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა ბრიუსელი ავიაციის სექტორის კონკრეტულ მოთხოვნებს საწვავის დეფიციტთან დაკავშირებით.