ევროპულმა ავიაკომპანიებმა მკვეთრად გააკრიტიკეს რომის გეგმები, შეზღუდოს ავიაბილეთების ღირებულება რიგ მარშრუტებზე და მას უწოდა დარტყმა საჰაერო მოგზაურობის ბაზარზე. შესაბამისი წერილი ევროკომისიას (EC) ორგანიზაციამ Airlines for Europe-მ (A4E) მიწერა.

რამდენიმე დღის უკან იტალიის მთავრობამ გაასაჯაროვა თავისი განზრახვა დააწესოს ფრენებზე ფასების ზღვარი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და სარდინიასა და სიცილიის კუნძულებს შორის. ეს კი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამ მარშრუტებზე ბილეთების ღირებულება 70%-ით გაიზარდა.

A4E-მ მოუწოდა ბრიუსელს, „გადაემოწმებინა იტალიასთან, როგორ იმოქმედებს ასეთი ჩარევა თავისუფალ და არარეგულირებად საჰაერო მოგზაურობის ბაზარზე ევროპაში“, – ციტირებს Financial Times-ი წერილს.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ მსგავსი კანონმდებლობის მიღება გახდება პრეცედენტი და გამოიწვევს დომინოს ეფექტს, რის შედეგადაც მსგავსი წესები დამტკიცდება ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში“, – ნათქვამია წერილში. ამ მარშრუტებზე ტარიფების შეზღუდვა შეაფერხებს ავიაკომპანიების უნარს „შეძლებისდაგვარად კონკურენცია გაუწიონ, დააწესონ ფასები და განსაზღვრონ სერვისები, როგორც მიზანშეწონილად მიიჩნევენ“, ნათქვამია დოკუმენტში.

FT-ის ცნობით, ევროკომისიამ უკვე მოითხოვა განმარტება რომისგან და აღნიშნა, რომ ხარჯების ლიმიტი იშვიათად არის ეფექტური საშუალება ხელმისაწვდომი ავიაბილეთის მისაღწევად. “თავისუფალი ფასებით კონკურენცია, როგორც წესი, არის საუკეთესო გარანტია ხელმისაწვდომი ფასებისთვის მაღალ წარმატებულ და ლიბერალიზებულ ევროკავშირის სატრანსპორტო ბაზარზე”, – ხაზგასმით აღნიშნეს ევროკომისიაში. ევროპული საჰაერო ტრანსპორტის ბაზრის შესახებ კანონმდებლობა საშუალებას იძლევა ფასების რეგულირება მარშრუტებზე შორეულ რეგიონებში და „მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში“, მათ შორის მათში ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.