ევოკომისიამ სპეციალური გაიდლაინები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ევროპაში ტურიზმის განახლება მიმდინარე წელს იგეგმება.

ევროკომისია ცდილობს ხალხს შესთავაზოს უსაფრთხო მოგზაურობის შესაძლებლობა, ნაკლებ რისკიანი თავისუფალი გადაადგილებით ევროკავშირის ქვეყნებში.

როგორც ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, თავისუფალი გადაადგილება ტურიზმის გასაღებია, რისი მართვაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უნდა მოხდეს, რადგან ისინი ვირუსის გავრცელების კონტროლს უკვე ახერხებენ და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა შეიცვალოს უფრო მიზნობრივი ზომებით.

ევროკომისიის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნებს ექნებათ უფლება ისევ გაამკაცრონ ზომები საკუთარი შეხედულებისამებრ.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ შემდეგი კრიტერიუმის საფუძველზე: დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მითითებით და მათ მიერ შემუშავებული რეგიონალური ეპიდემიოლოგიური რუქის მიხედვით.

გაიდლაინში წარმოდგენილია ზოგადი პრინციპები სამგზავრო ტრანსპორტის უსაფრთხო და თანდათანობით აღდგენის შესახებ. ეს შეეხება როგორც საჰაერო, ასევე სარკინიგზო, საგზაო და საზღვაო ტრანსპორტს.

მითითებებში მოცემულია რეკომენდაციების მთელი რიგი, მაგალითად, მგზავრებისა და სატრანსპორტო თანამშრომლებს შორის კონტაქტის შეზღუდვის აუცილებლობა, ასევე ტრანსპორტში არ უნდა იყოს მგზავრების სიჭარბე. გაიდლაინი ასევე შეიცავს მითითებებს პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორიცაა სახის ნიღბები და ხელთათმანები.

ევროკავშირის წესების თანახმად, მოგზაურებს უფლება ექნებათ აირჩიონ ვაუჩერი ან ფულადი ანაზღაურება გაუქმებული სატრანსპორტო ბილეთების (თვითმფრინავი, მატარებელი, ავტობუსი /ლაინერი) სანაცვლოდ. თუმცა ევროკომისიის მიზანია, ვიზიტორებმა გადადებული მგზავრობის შემთხვევაში არჩევანი შეაჩერონ ვაუჩერზე, რომლის გამოყენების პერიოდი მინიმუმ 12 თვით განისაზღვრება.

როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი ასევე ცდილობს დახმარება გაუწიოს მცირე ბიზნესს და სწორედ მათ დასაცავად, ევროკომისიამ 8 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო დაახლოებით 100,000-მდე მცირე ბიზნესისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის კრიზისის გამო.

წყარო: https://bm.ge/