ევროკავშირმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა AFP დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, უსაფრთხო ქვეყნების სიიდან, საქართველოსთან ერთად, ტუნისი და კანადაც ამოიღეს.
აღნიშნული ქვეყნების სიიდან ამოღება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება.
ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში სინგაპური შეიყვანა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს გამოაქვეყნა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთაც საზღვრები 1-ლი ივლისიდან გაუხსნა. მაშინ ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად 14 ქვეყანა მოხვდა – მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი.
სიის ფორმირებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა ქვეყნებში არსებულ ეპიდემილოგიურ ვითარებას და კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ზომებს.
ევროკავშირი ყოველ ორ კვირაში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ანახლებს სიის შემადგენლობას.
წყარო: GHN.ge