COVID-19-ის პანდემიისა და მსოფლიო ავიაციაში შექმნილი კრიზისის მიუხედავად, ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს მიმართულებით ბიზნეს გეგმებს არ ცვლის და ქვეყნის ავიაბაზარზე ოპერირებით ისევ დაინტერესებულია. 

ამიერიდან საქართველოში Air Cairo-ს ​ გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელია” (Avianet), მხარეებს შორის ხელშეკრულება შეთანხმება უკვე გაფორმებულია.

როგორც “ავიაქსელში” განმარტავენ, Air Cairo-ს შარმ-ელ-შეიხიდან თბილისის მიმართულებით გეგმავს ავიარეისების განხორციელებას. 

“ავიაკომპანია დაინტერესებულია, რომ ზამთრის სანავიგაციო პერიოდში რეგულარული ფრენები განახორციელოს. მას შემდეგ რაც საქართველოს რეგულარულ ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის და საქართველოსა და ეგვიპტეს შორის რეგულარული ფრენების განხორციელების საშუალება იქნება Air Cairo-ს ​ შარმ-ელ-შეიხი-თბილისი-შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით სურს ოპერირება. რეისების განახლებას კომპანია, საახალწლოდ, 20 დეკემბრიდან ვარაუდობს.

ავიაკომპანიის გეგმაშია ასევე ისიც, რომ ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში საქართველოს მიმართულებით რეისები ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელოს, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ქვეყნებს შორის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული და საბოლოო გადაწყვეტილებაც მოგვიანებით იქნება მიღებული”, – განმარტავენ “ავიაქსელში”.

ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებდა და თბილისის მიმართულებით ფრენებს შარმ-ელ-შეიხიდან და ჰურგადადან ანხორციელებდა.

Air Cairo წარმოადგენს EGYPT AIR-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.