საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით და ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) ევროკავშირის პროგრამის მხარდაჭერით, თბილისში გერმანელ ექსპერტთა მისია იმყოფება. ვიზიტის მიზანს უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების და ზედამხედველობის ევროპული სტანდარტების განხილვა, ასევე ქართული მხარის მიერ, უპილოტო საჰაერო ხომალდების საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის კუთხით გერმანიის პრაქტიკული გამოცდილების შესწავლა წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა 11 ივლისს ჩატარდა და მას სააგენტოს ხელმძღვანელი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორები, სააგენტოს უპილოტო საჰაერო სისტემების და სხვა მიმართულებების სპეციალისტები ესწრებოდნენ. ევროკავშირის მხრიდან, მიმდინარე პროექტს გერმანიის საავიაციო ხელისუფლების ექსპერტები უძღვებიან.
ღონისძიების გახსნით სიტყვაში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ევროპულ მხარეს მადლობა გადაუხადა მორიგი ტექნიკური დახმარების პროექტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პროგრამით გაწერილი აქტივობები ინფორმატიული და ნაყოფიერი იქნება ჩართული მხარეებისთვის. ლევან კარანაძემ ხაზი გაუსვა უპილოტო საჰაერო ხომალდების ზედამხედველობის და უსაფრთხო ინტეგრაციის საკითხის კომპლექსურობას. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, უპილოტო საჰაერო სისტემები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და სხვადასხვა პროცესებში მათი ფართო და უსაფრთხო გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლური ურთიერთობების განვითარება. „ამ ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს კონსტრუქციულ დიალოგს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ოპერატორებს შორის“ – განაცხადა ლევან კარანაძემ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ისაუბრა უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულირების კუთხით უწყების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე. ითქვა, რომ სააგენტოს მიერ შემუშავდა როგორც შესაბამისი რეგულაცია, ისე დრონების მომხმარებელთა რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა, რომელიც უკვე 450-მდე ოპერატორს აერთიანებს.
პირველ შეხვედრაზე მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია უპილოტო საჰაერო ხომალდების ზედამხედველობისა და პროცესების ადმინისტრირების კუთხით არსებულ ევროპულ სტანდარტებზე (EU 2019/945 და EU 2019/947). ოთხდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ გერმანიის და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკებს აღნიშნული მიმართულებით.
უპილოტო საჰაერო ხომალდების ზედამხედველობისა და საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე ევროკავშირის საექსპერტო მხარდაჭერის მიღების თაობაზე განაცხადი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2021 წელს გააკეთა. განაცხადი ამავე წელს დაკმაყოფილდა ევროპული მხარის მიერ და დაიგეგმა შესაბამისი აქტივობები. პროგრამის ფარგლებში, მომდევნო სამუშაო შეხვედრის ჩატარება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება და იგი უპილოტო საჰაერო სისტემების საჰაერო მოძრაობის მართვისა და მონიტორინგის საკითხებს დაეთმობა, მიმდინარე ღონისძიება კი, 14 ივლისს დასრულდება.