ევროკავშირმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ევროპული სამოქალაქო ინიციატივისთვის „ევროპის ყველა დედაქალაქისა და ხალხის დაკავშირება ჩქაროსნული მატარებლების ქსელის მეშვეობით“. ამის შესახებ ინფორმაცია პორტალზე Euro Puls გამოქვეყნდა.
ინიციატივის ავტორები მოუწოდებენ ევროკომისიას მიიღოს იურიდიულად სავალდებულო აქტი ევროკავშირის ყველა დედაქალაქის ჩქაროსნულ რკინიგზასთან დასაკავშირებლად. პროექტი ითვალისწინებს ამ მიზნებისთვის არსებული ქსელების გამოყენებას და ახალი ხაზების მშენებლობას, სადაც ისინი ჯერ არ არსებობს.
თუკი ინიციატივა წელიწადში მილიონზე მეტ ხელმოწერას მოაგროვებს ევროკავშირის წევრი მინიმუმ 7 ქვეყნის წარმომადგენლისგან, ევროკომისია ვალდებული იქნება განიხილოს იგი და შეიმუშაოს შესაბამისი კანონპროექტი.
მომდევნო ეტაპზე, სხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, პროექტი ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დეპუტატებს წარედგინება.
ამ ინოვაციის მთავარი მიზანია მოკლე მანძილის ფრენებისთვის მოსახერხებელი ალტერნატივის შექმნაა. ევროპის გარემოს სააგენტოს ბოლო ანგარიშის თანახმად, მატარებლით მგზავრობა თითქმის ხუთჯერ უფრო ეკოლოგიურად სუფთაა, ვიდრე საჰაერო მოგზაურობა.
ამ მხრივ, ევროპის ქვეყნები სულ უფრო მეტად უბიძგებენ თავიანთ მოქალაქეებს, აირჩიონ ეკოლოგიურად სუფთა გზა მოგზაურობისთვის. მაგალითად, დანია აპირებს ქვეყნის აეროპორტებიდან ფრენების ყველა ბილეთზე სამგზავრო გადასახადის შემოღებას, რომელიც 1,75 ევროს შეადგენს, – აღნიშნავს Euro Puls. მსგავსი გადასახადები უკვე დაწესებულია გერმანიაში, ინგლისში, ნორვეგიასა და შვედეთში. ბელგიაში დაიწყო მოკლე ფრენებისთვის დამატებითი გადასახადის დაწესება.