ევროკავშირი ფრენის შეფერხებისთვის დაწესებული ანაზღაურების წესების შეცვლას გეგმავს. ახალი წესის მიხედვით, დაგეგმილი ფრენის დაგვიანების დრო, რის გამოც მგზავრები კომპენსაციას იღებდნენ, შესაძლოა გაიზარდოს.
მოქმედი წესის მიხედვით, 3 საათზე მეტი დროით დაგვიანებული ფრენის შემთხვევაში, მგზავრებს უფლება აქვთ კომპენსაციის სახით 600 ევრომდე მოითხოვონ. იგივე წესი ვრცელდება 14 დღეზე ნაკლები ვადით ფრენის გაუქმებაზე.
Reuters-ის ინფორმაციით, არსებული წესების გადახედვის ინიციატივა ხორვატიას ეკუთვნის. ხორვატია ითხოვს კომპენსაციის მოცულობა დარჩეს იგივე, თუმცა გაიზარდოს დრო, რომლის გამოც ავიაკომპანიები აღნიშნულ კომპენსაციას მგზავრებს უხდიან. ზაგრები აღნიშნული წინადადებით გამოვიდა, რათა “ავიაკომპანიებს ზედმეტი ფინანსური ტვირთი მოაშორონ, რადგანაც თანდათან უფრო და უფრო ნაკლები დაგვიანება ხდება ავიაკომპანიების ბრალეულობით”.
ხორვატიის წინადადების განხილვა უახლოეს ხანში მოხდება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ევროკავშირმა იმსჯელა ფრენის დაგვიანების არაკომპენსირებადი დროის 3-დან 5 საათამდე გაზრდის შესახებ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდა.
Reuters-ის მიერ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წლიდან 2018 წლამდე ევროკავშირის ქვეყნებს შორის გაუქმებული ფრენების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა, ხოლო დაგვიანებული ავიარეისების რაოდენობა კი 56%-ით. 2018 წელს 17.6 მლნ მგზავრი შეეჩეხა გადადებული ავიარეისების პრობლემას, ხოლო ხანგრძლივ დაგვიანებას კი 16.5 მლნ მგზავრი.