2020 წელს ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) გეგმავს საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვას, აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე აკეთებს. კარანაძის თქმით, აღნიშნული წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის მიერ წარმოქმნილი ხმაურის მინიმუმამდე შემცირება.
„2013 წლიდან აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება ქართულ ავიაკომპანიებზე. შესაბამისად, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების მიერ საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის ხმაურის მოთხოვნების დადგენით, ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებზე თანაბარი პირობები გავრცელდება“, განმარტავს კარანაძე.
რაც შეეხება 2020 წლის სხვა გეგმევს, სააგენტოს ინფორმაციით:
- ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად იგეგმება დაბრკოლებათა კონტროლის პროცესის დახვეწა. ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით დადგინდება აეროდრომის დაცვის არეები და ამ არეებში დაბრკოლებების შემქმნელი შენობა-ნაგებობების განთავსების, ნიშანდების, შეზღუდვების დაწესების წესები და პირობები;
- შესაბამისი ევროპული რეგულაციის შესაბამისად, იგეგმება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სერტიფიცირების წესის მიღება, რაც უზრუნველყოფს ქართული მოწმობების სრულ შესატყვისობას ევროკავშირის სტანდარტებთან. დადგინდება ახალი მოთხოვნები როგორც მეთვალყურის კვალიფიკაციის, ისე მათი სამუშაო პროცესის მიმართ;
- სააგენტო გეგმავს ტექნიკური მომსახურების საწარმოების სერტიფიცირების ევროპული სტანდარტების დანერგვას, რაც უზურველყოფს ტექნიკური პერსონალის მოწმობის სრულ შესატყვისობას ევროკავშირის სტანდარტებთან (Reg. 1321/2014, Part-145, Part-66);
- ქვეყნის შიგნით კომერციული ოპერირების შესაძლებლობის გამარტივების მიზნით, განხორციელდება სპეციალიზირებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოები: სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, აეროგადაღება, აეროვიზუალური ფრენა (პატრულირება), სამშენებლო სამუშაოები და სხვა) რეგულირება ევროპული სტანდარტების შესაბამისად (Reg. 965/2012);
- მომავალი წლიდან ამოქმედდება დრონების ელექტრონული რეგსტრაციის სერვისი, რომელიც ერთი პლატფორმის ქვეშ გააერთიანებს ყველა საჭირო ინფორმაციას უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორებისთვის (რეგისტრაცია, რეგისტრირებული დრონების მონაცემები, რეგულაცია, ონლაინ ტესტირება, რუკები, ინფორმაცია შეზღუდული არეების შესახებ და ა.შ.);
- უახლოეს თვეებში ფუნქციონირებას დაიწყებს სააგენტოს ახალი ვებ-გვერდი, რომელიც მაქსიმალურად მოქნილი და ინფორმატიული იქნება როგორც საავიაციო ინდუსტრიისთვიის ისე სხვა დაინტერესებული პირებისთვის.