გერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings-ი შტუტგარტიდან თბილისის მიმართულებით გეგმავს ოპერირებას. გერმანული მედია წერს, რომ ავიაკომპანია შტუტგარტიდან ახალ მიმართულებებს ამატებს და მათ შორისაა თბილისიც.

ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული მონაცემებით კი ირკვევა, რომ Eurowings-ი შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე რეისების შესრულებას 19 ივლისიდან შეუდგება და ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს-შაბათს განახორციელებს. 

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის Eurowings-ი დუისელდორფი-თბილისი-დუისელდორფის საჰაერო ხაზზე ასრულებს რეისებს.

შეგახსენებთ, რომ Eurowings-ი საქართველოს ავაბაზარზე 4 ივლისიდან შემოვიდა.  ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ავიაკომპანია დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებდა, ხოლო ზამთრის სანავიგაციო სეზონზე სიხშირეების რაოდენობა შეამცირა. ავიაკომპანია ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს. 

Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა 3 სახის ავიაბილეთზეა გათვლილი: BASIC, SMART და BIZclass.

გერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომლის ავიაპარკიც 139 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. ის ძირითადად ევროპაში ასრულებს რეისებს და 210-ზე მეტ მიმართულებაზე ოპერირებს.  აღსანიშნავია, რომ  Eurowings-ი ევროპის შიგნით მიმართულებების რაოდენობით მესამე ადგილზეა.

​2014 წლის ოქტომბრამდე Eurowings-ი Lufthansa Regional-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებდა, ხოლო შემდგომ Germanwings-ის სახელით გააგრძელა მუშაობა. 2015 წლის ოქტომბრიდან Lufthansa-მ Germanwings-ის ბაზაზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი დააფუძნა.