გერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings-ი ჩეხეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის ოპერირებას იწყებს. როგორც ჩეხეთში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული პრაღა-თბილისი-პრაღას საჰაერო ხაზზე Eurowings-ი ოპერირებას 30 ოქტომბრიდან შეუდგება.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ, 2023 წლის 30 ოქტომბრიდან, აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და პრაღას შორის. რეისებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებ გვერდზე“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომლის ავიაპარკიც 139 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. ის ძირითადად ევროპაში ასრულებს რეისებს და 210-ზე მეტ მიმართულებაზე ოპერირებს. აღსანიშნავია, რომ Eurowings-ი ევროპის შიგნით მიმართულებების რაოდენობით მესამე ადგილზეა.
2014 წლის ოქტომბრამდე Eurowings-ი Lufthansa Regional-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებდა, ხოლო შემდგომ Germanwings-ის სახელით გააგრძელა მუშაობა. 2015 წლის ოქტომბრიდან Lufthansa-მ Germanwings-ის ბაზაზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი დააფუძნა.