EUROCONTROL-ის წევრმა სახელმწიფოებმა შეათანხმეს 1 მლრდ ევროს ფინანსური პაკეტი, რომელიც ავიაკომპანიებისთვის საჰაერო ტრაფიკის საფასურის გადავადებას ითვალისწინებს.
მიზეზი COVID-19– ის შედეგად, ფრენების 90%-ით შემცირებაა, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება და ავიაინდუსტრია მხარდაჭერას საჭიროებს კრიზისთან გასამკლავებლად.
”მოხარული ვარ, რომ ჩვენმა წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას. ეს ხელს შეუწყობს ინდუსტრიის ლიკვიდობას. EUROCONTROL- ს დაუკავშირდა არაერთი კომპანია, რომლებიც ადასტურებენ, რომ გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ. საჰაერო ტრაფიკის 90%-იანი შემცირებით წევრი სახელმწიფოები აღიარებენ საერთო გამოწვევას. ამ გადასახადისგან გათავისუფლება კომპანიებს ტვირთს შეუმსუბუქებს.
მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ამ ღონისძიების მნიშვნელობა რადგან საავიაციო ინდუსტრიისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებაა“, – წერს EUROCONTROL-ის გენერალური დირექტორი იმონ ბრენანი.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. კენჭისყრა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში 28 ნოემბერს გაიმართა.
EUROCONTROL-ის წევრი სახელმწიფოების მიერ, საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით ესპანეთის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენელი იქნა არჩეული, ხოლო ვიცე-პრეზიდენტების პოსტზე საქართველოს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭო წარმოადგენს უწყების ერთ-ერთ მმართველ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს EUROCONTROL-ის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის აღსრულებას. საბჭოს წევრები არიან ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებების პირველი პირები, რომლებიც წელიწადში ორჯერ, წამყვანი საავიაციო ორგანიზაციების (ICAO, ECAC, IATA, EASA და სხვ.) წარმომადგენელებთან ერთად იკრიბებიან.
ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ორი წლის ვადით აირჩიეს. EUROCONTROL-ის გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა ქართულ მხარეს კენჭისყრის შედეგები მიულოცა და წარმატებები უსურვა. ორგანიზაციის პირველი პირის შეფასებით, საქართველოს, როგორც წარმატებული წევრი სახელმწიფოს ჩართულობა ორგანიზაციის მმართველი რგოლის საქმიანობაში, ორივე მხარისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება.
საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა 2014 წელს გახდა. ორგანიზაცია 41 წევრ სახელმწიფოს დახმარებას უწევს, საჰაერო მართვის სისტემის არქიტექტურის გარდაქმნასა და თანამედროვე სტანდარტების სააერნაოსნო მომსახურების დანერგვაში. გარდა ამისა, EUROCONTROL-ი ორიენტირებულია ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდასა და მოქნილ სარგებლობაზე, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე, ეფექტური, გარემოსადმი კეთილსასურველი და ინოვაციური პროექტების შეთავაზებაზე.