Eurocontrol-მა ავიაციის აღდგენის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით ორგანიზაცია ავიაციის პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნებას 2025 წლისთვის ელოდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
Eurocontrol-ის ბაზისური სცენარით 2023 წლისთვის ავიაცია პანდემიამდელ ნიშნულს მხოლოდ 92%-ით დაუბრუნდება, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 98% იქნება.
“ზაფხულში მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო, თუმცა ეს მოთხოვნა გარკვეულწილად შეფერხდა სექტორის შესაძლებლობებიდან და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. ამის გათვალისწინებით ველით, რომ 2022 წელს დაახლოებით 9.3 მლნ ფრენა იქნება, რაც 49%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე, თუმცა 16%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი შემდეგი წლის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც 2019 წლის დაახლოებით 92% იქნება, თუმცა ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი რისკები, რასაც აღდგენის მაჩვენებელზე გავლენის მოხდენა შეუძლია”,-წერს Eurocontrol.
ორგანიზაციის განცხადებითვე, სამოქალაქო ავიაციისთვის შეზღუდვები უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში 2028 წლამდე შენარჩუნდება. ამას გარდა, ენერგორესურსებზე კრიზისი და მისგან გამოწვეული ფასის ზრდა, მოგზაურობის მოთხოვნაზე უარყოფით გავლენას იქონიებს. ორგანიზაცია ასევე წერს, რომ ომს მსოფლიო ავიაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. გარდა იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს, საავიაციო საწვავზე ფასი მიმდინარე წელს 47%-ით გაიზარდა. საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო ევროპული ავიაკომპანიები აზიაში ფრენებს რუსეთის გვერდის ავლით ახორციელებენ, შესაბამისად, საჰაერო ნაკადებმა სამხრეთ-აღმოსავლეთით გადმოინაცვლა. მათ შორის გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელიც.