„მოლდოვის დედაქალაქი კიშინეუ კიდევ ერთი ევროპული საჰაერო მიმართულებაა, რომლითაც საქართველო ევროპას დაუკავშირდა. ჩვენი პრიორიტეტია, გავზარდოთ პირდაპირი რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებთან, რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ ევროპის ავიაგადამყვანებთან. იმედი გვაქვს, რომ ევროპიდან და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებიდან რეისების ზრდის პარალელურად, ტურისტების რაოდენობა მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს ორივე დარგის – ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენა – განვითარების პროცესს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

ავიაკომპანია Air Moldova-მ კიშინეუ – თბილისი – კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. პირველი რეისი საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის დღეს განხორციელდა. კიშინეუსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს შესრულდება, ხოლო 2022 წლის 30 ოქტომბრიდან 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით – კვირაში 4 სიხშირით ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 3,299,808 მგზავრს მოემსახურა, რაც 92%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. პანდემიამდე, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 80%-ს შეადგენს.