ესპანეთის სამეფოში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები შეიცვალა. ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი (დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J), Sinopharm, Sinovac), შეუძლია ესპანეთში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება.

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).

ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე (Janssen (J&J) შემთხვევაში ერთი დოზა) და ბოლო დოზიდან არაუმეტეს 270 დღე,   ხოლო მეორე დოზიდან (Janssen (J&J)-ის შემთხვევაში პირველი დოზიდან)  270 დღის გასვლის შემთხვევაში სავალდებულოა ბუსტერ დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი კოვიდ ბარათის წარდგენა. 12 წლამდე (11 წლის ჩათვლით) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ ვაქცინაციის მოწმობის და SARSCoV2 დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება www.spth.gob.es/create და მიღებული QR-კოდის საზღვარზე წარდგენა.

კანარის კუნძულებზე მიმავალი მგზავრებისთვის იგივე რეგულაციები ვრცელდება, მხოლოდ საჭიროა ბოლო 48 საათში გაკეთებული ანტიგენ ტესტის ან ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის წარდგენა.