„ეს არის ის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი წლის მანძილზე გააორმაგებს ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობას,-‘’ ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდის დაანონსებისას განაცხადა.
ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მეოთხე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას. რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა.
„დღეს დავაანონსეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი. ეს არის ის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ავიაკომპანიამ ჩვენს აეროპორტში, ერთი წლის მანძილზე, გააორმაგა ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობა. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოკლე პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულებები ემატება, როგორიცაა მესამე ბაზირებული ხომალდის 5 ახალი მიმართულება და მეოთხე ბაზირებული ხომალდის უკვე კოპენჰაგენი,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების დირექტორის განმარტებით, ის, რომ ზამთრის სეზონზე ემატება მეოთხე ხომალდი ბაზას ეს ნიშნავს, რომ ქუთაისის აეროპორტი არის ძალიან მზარდი და მოთხოვნადი აეროპორტი.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის კარიბჭე ევროპის მიმართულებით და საქართველოს აკავშირებს ევროპის 30-მდე ცენტრალურ ქალაქთან. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე ბაზირებული ხომალდი ნიშნავს არამხოლოდ მეტ შესაძლებლობას და მეტ მგზავრს, არამედ მეტ სამუშაო ადგილსაც. მეოთხე ბაზა, საჰაერო ხომალდი შექმნის 40-მდე სამუშაო ადგილს. მსურს მადლობა გადავუხადო Wizz Air-ს გაწეული შრომისთვის, რომელსაც საქართველოს პოპულარიზაციაში დებენ, რაც ჩვენი ერთობლივი მიზანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობადობა გაიზარდოს. 2023 წელი იქნება რეკორდული წელი იქიდან გამომდინარე, რომ წელს ველოდებით 1 მლნ მგზავრზე მეტს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რაც აქამდე მის ისტორიაში არ ყოფილა. ეს იქნება მისი განვითარების ახალი საფეხური,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.