ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა იგეგმება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, 2023 წლის ბოლომდე მისი პროექტირება დასრულდება და ამის შემდეგ გაირკვევა, როგორც მისი სიგრძე ასევე სავარაუდო ღირებულებაც. თუმცა წინასწარ ცნობილია, რომ აღნიშნული ბილიკი აეროპორტი დიდი ზომის თვითმფრინავების მიღებას შეძლებს.

„უახლოეს მომავალში ახალი ასაფრენ/დასაფრენი ზოლის მშენებლობას ვგეგმავთ. წლევანდელი წელი დაეთმობა მის პროექტირებას, რომელიც ვთვლით რომ წლის ბოლოს დასრულებული იქნება და უახლოესი 2 წლის განმავლობაში ავაშენებთ ახალ ასაფრენ/დასაფრენს ზოლს. ეს იქნება ახალი შესაძლებლობა, ეს იქნება ისეთი ასაფრენ/დასაფრენი ზოლი, რომელიც მოემსახურება არამხოლოდ AIRBUS 320 ოჯახის ტიპის საჰაერო ხომალდებს, არამედ მოემსახურება შედარებით მოზარდი ზომის საჰაერო ხომალდებსაც და გრძელვადიან პერსპექტივაში იმედი გაქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განვითარდება სატვირთო გადაზიდვების სერვისიც“, – აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.