ავიაკომპანია Emirates-მა გადაწყვიტა 2023 წლის ბოლომდე, მოგზაურობაზე მოთხოვნის აღდგენის გამო, თავისი ყველა Airbus A380-ით ოპერირება განაახლოს. ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების გაზეთი The National-ი იუწყება.

”ჩვენ ვგეგმავთ ყველა A380-ის დაბრუნებას მომავალი წლის ბოლომდე, რათა ტრაფიკის მოცულობა მივიყვანოთ პანდემიამდელ დონემდე”, – თქვა ადნან კაზიმმა, Emirates-ის კომერციულმა დირექტორმა. მან დასძინა, რომ 2024 წლის ზაფხულისთვის ავიაკომპანია დაიწყებს ფლოტის გაფართოებას ახალი A350 თვითმფრინავების შეძენით.

Emirates-ი 2019 წელს 116 ერთეულ A380-ს ფლობდა, რომელთა უმეტესობა COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო გააჩერა. გაზეთის ცნობით, ამ დროისთვის კომპანიამ უკვე დაუბრუნა ფლოტში ამ ოთხძრავიანი თვითმფრინავების დაახლოებით 85%. ამან კი შესაძლებელი გახადა გამტარუნარიანობის 80%-ით და მარშრუტების 95%-ით აღდგენა. დარჩენილი ლაინერების ოპერირებაში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება. ამისათვის კომპანია 2023 წლის შუა რიცხვებისთვის 400 ახალი პილოტის და ეკიპაჟის 5-6 ათასი წევრის დაქირავებას აპირებს. დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხვა მსხვილმა არაბულმა გადამზიდავმა, Etihad Airways-მა, ასევე გადაწყვიტა განაახლოს A380-ის თვითმფრინავის ექსპლუატაცია. ავიაკომპანია A380-ით ფრენებს 2023 წლის ზაფხულიდან აბუ დაბი – ლონდონის მიმართულებით დაიწყებს.