დუბაიში (არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში) ბაზირებული ავიაკომპანია Emirates-ი საკუთარი ავიაფლოტოს გაფართოებას გეგმავს, რათა დააკმაყოფილოს მზარდი მოგზაურობის მოთხოვნა. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრეზიდენტმა ტიმ კლარკმა განაცხადა.

„ჩვენ კიდევ რამდენიმე თვითმფრინავის შეძენის ეტაპზე ვართ“, – თქვა კლარკმა სტამბოლში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) 79-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე.

კომპანია განიხილავს Airbus A350-ს, Boeing 777-9-ს და პატარა Boeing 787 Dreamline-ს, განაცხადა Emirates-ის პრეზიდენტმა. თუმცა, კლარკმა უარი თქვა დეტალების გამჟღავნებაზე, მათ შორის შეკვეთის მოცულობაზე.

Emirates-ის ფლოტი ამჟამად 260 თვითმფრინავისგან შედგება. ავიაგადამზიდველმა უკვე შეუკვეთა 50 ერთეული Airbus A350, 117 ერთეული Boeing 777X და 30 ერთეული Boeing 787-9. გარდა ამისა, Emirates ახორციელებს პროგრამას 100-ზე მეტი Airbus A380-ის და Boeing 777-ის თვითმფრინავების მოდერნიზაციისთვის. იმავდროულად, ავიაკომპანია გეგმავს 2032-2033 წლებში მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავის, Airbus A380-ის ექსპლუატაციიდან გაყვანას.