ავიაკომპანია Emirates-მა გადაწყვიტა გააფართოვოს საკუთარი ავიაფლოტის მოდერნიზაციის პროგრამა: თავდაპირველად დაგეგმილი 120 თვითმფრინავის ნაცვლად, 191 ბორტზე მოხდება სალონის ცვლილება. 67 ერთეული Airbus A380-ის ნაცვლად განაახლებენ 110, ხოლო 53 ერთეული Boeing 777-ის ნაცვლად პროგრამაში 81 თვითმფრინავი ჩაერთვება.
ჯერჯერობით წელს მხოლოდ 22 ერთეული A380 განახლდა. პირველი Boeing მოდერნიზება მალე დაიწყება. საჰაერო ხომალდის რეკონფიგურაციის პროცესს დაახლოებით ორი კვირა სჭირდება.
პროგრამა მოიცავს პირველი კლასის სალონის განახლებას, ბიზნეს კლასის სავარძლების ჩანაცვლებას ახალი 1-2-1 კონფიგურაციით და 50 ჩვეულებრივი ეკონომ ადგილის ნაცვლად, 24 პრემიუმ ეკონომ სავარძლის დაყენებას, რომლებიც აქამდე არ იყო.
მოდერნიზაციის შედეგად, Boeing 777-300ER-ს ექნება 332 ადგილი მომსახურების ოთხ კლასში: ეს არის რვა პირველი კლასის სალონი, 40 ბიზნეს კლასის ადგილი, 24 პრემიუმ ეკონომ ადგილი და 260 ჩვეულებრივი ეკონომ კლასის ადგილი. ახლა ამ ბორტებს აქვთ 8 პირველი კლასის სალონი, 42 ბიზნესი და 310 ეკონომი, სულ 354 ადგილით.
2025 წლის თებერვლისთვის Emirates საკუთარ მგზავრებს შესთავაზებს პრემიუმ ეკონომს 42 მიმართულებით. ის ასევე წარმოდგენილი იქნება ახალ Airbus A350-ში, რომლის მიღებასაც ავიაკომპანია სექტემბერში დაიწყებს.