დუბაის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც უკვე 11 წელია მსოფლიოში ყველაზე დატვირთული აეროპორტია, ახალი, ინოვაციური სისტემა დაინერგა. The Times of India-ს ცნობით, აქ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საიმიგრაციო დერეფანი გაიხსნა, რომელიც მგზავრებს პასპორტის კონტროლის უპრობლემოდ და რამდენიმე წამში გავლაში დაეხმარება.

დერეფანი, რომელიც რეზიდენტთა და უცხოელთა საქმეთა გენერალურმა სამმართველომ შექმნა, მგზავრების სახეს ამოიცნობს და მათ დოკუმენტებს ავტომატურად, საკონტროლო პუნქტთან მისვლამდე ამოწმებს. ამის გამო, პასპორტის კონტროლის გავლა ფიზიკური დოკუმენტების გარეშეც შესაძლებელია.

როგორც გამოცემა იტყობინება, სისტემა ერთდროულად 10 მგზავრს ემსახურება და უპრობლემოდ უძლებს პიკურ დატვირთვებს. მასში ინტეგრირებულია უსაფრთხოების პროტოკოლებიც, რომლებიც საეჭვო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდიან შესაბამის სპეციალისტებს.

ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, დუბაი გლობალური საჰაერო ტრანსპორტის ტრანსფორმაციის ცენტრად აქციოს.