დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრებს მოუწოდა, , 20 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, აეროპორტში გამგზავრებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე გამოცხადდნენ. აეროპორტი ამის მიზეზად ჰაბის მაღალ დატვირთვას ასახელებს, რაც საგრძნობლად გაიზარდა საზაფხულო სასკოლო არდადეგების დაწყებისა და ისლამური დღესასწაულის ყურბან-ბაირამის დასრულების გამო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Khaleej Times-ი ავრცელებს.
“დუბაიში საერთაშორისო აეროპორტი მალე კიდევ უფრო დაიტვირთება, რადგან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საზაფხულო სასკოლო არდადეგები ემთხვევა ექვსდღიან ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. 20 ივნისიდან 3 ივლისამდე, დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB) სავარაუდოდ მიიღებს დაახლოებით 3.5 მილიონ მგზავრს, ხოლო საშუალო დღიური ტრაფიკი 252 ათას ადამიანს მიაღწევს“, – წერს გაზეთი.
გაზეთის ცნობით, მგზავრთნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, საჰაერო ნავსადგურის ხელმძღვანელობა მგზავრებს მოუწოდებს, აეროპორტში მივიდნენ გამგზავრებამდე მინიმუმ ოთხი საათით ადრე, რადგან შესაძლოა გაიზარდოს ფრენისწინა პროცედურების დრო.
23-25 ივნისს დუბაის აეროპორტით მეოთხედ მილიონზე მეტი მგზავრი ისარგებლებს, აქედან დაახლოებით 100 000 მგზავრი 24 ივნისს იმგზავრებს. ტურისტების პიკი 2 ივლისს იქნება, ამ დღეს მგზავრთნაკადი 305 ათასს მიაღწევს.